კორძაია ჯანსუღ
ჯანსუღ კორძაია – (1932-2010), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1960), საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, დაიბადა ქ. ქუთაისში; დაამთავრა ქ. ზესტაფონის ვაჟთა საშუალო სკოლა (1951), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (1956), ასპირანტურა (1964). 1964-1975 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ამჟამად უნივერსიტეტი) ფილოსოფიის კათედრაზე თავდაპირველად მასწავლებლად, შემდეგ - უფროს მასწავლებლად, დოცენტად და პროფესორად. 1979-1993 წლებში მუშაობდა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროში რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლების სამმართველოს უფროსად. 1994 წლიდან იგი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჯერ დეკანად, შემდეგ - ესთეტიკის კათედრის გამგედ. პროფესორია.
ჯ. კორძაიას ფილოსოფიური კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ფილოსოფიის ისტორია, გნოსეოლოგია, კულტურის ფილოსოფია. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. მის ნაშრომებში გამოკვლეულია პრაქტიკის კრიტერიუმის თავისებურებანი შემეცნების თეორიაში. სტატიაში „კულტურა და სინამდვილის სუბსტანციის ახლებურად გააზრების ცდა, რომელიც დაიბეჭდა საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის წელიწდეულ ორგანოში „ფილოსოფიური ძიებანი“ (ტ. IV, 2000), ჯ. კორძაია ამტკიცებს, რომ კულტურის სუბსტანციას ცნობიერება წარმოადგენს.
ჯ. კორძაიას გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე პოეტური და პროზაული ნაწარმოები.
თხზულებები
- „ჭეშმარიტების ზოგიერთი საკითხი ლენინის ფილოსოფიურ მემკვიდრეობაში“ (თბილისი, 1971);
- „პრაქტიკა, როგორც შემეცნების საფუძველი“ (თბილისი, 1971);
- „ადამიანი, როგორც პრაქტიკის სუბიექტი“ (თბილისი, 1982);
- „სიკვდილის გენეზისი“ (თბილისი, 2001).