კოსმოსური სიჩქარე
კოსმოსური სიჩქარე – უმცირესი სიჩქარე, რომელიც უნდა მიენიჭოს დედამიწიდან გაშვებულ კოსმოსურ აპარატს, მატარებელი რაკეტის მუშაობის შეწყვეტის მომენტში, რომ ის გახდეს დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი (პირველი კოსმოსური სიჩქარე, v1=7,91 კმ/წმ), ან გავიდეს დედამიწის მიზიდულობის მოქმედების სფეროდან (მეორე კოსმოსური სიჩქარე, v2=11,19 კმ/წმ), ან დაძლიოს მზის მიზიდულობა და გავიდეს მზის სისტემიდან (მესამე კოსმოსური სიჩქარე, v3≥16,67კმ/წმ).
თუ ორბიტაზე თანამგზავრის გასვლის სიჩქარე vo აკმაყოფილებს პირობას v2>v0>v1, მაშინ იგი დედამიწის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს და v0 -ს ეწოდება ელიფსური სიჩქარე. თუ v0 = v2, მაშინ თანამგზავრი დედამიწის მიმართ იმოძრავებს პარაბოლურ ორბიტაზე და დედამიწიდან წავა რაგინდ შორს. ამ სიჩქარეს ზოგჯერ განთავისუფლების (გაქცევის, გასხლტომის) სიჩქარეს უწოდებენ. თუ v0 >v2, მაშინ თანამგზავრი დედამიწის მიმართ ჰიპერბოლურ ორბიტაზე იმოძრავებს და v0-ს ეწოდება ჰიპერბოლური სიჩქარე.