კუმარუ
კუმარუ − (ჰაეროვანი დიპტერიქსი, კოემაროე, კაიმენური გვაიაკი, შიხუახუაკო, ვისგუერო, მუიმაპაჟე, იესგუერო) – (ლათ. Di-pteryx odorata), ფოთლოვანი ხის ტროპიკული ჯიში, რომელიც გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. სიმაღლე აღწევს 48 მ-ს, დიამეტრი 2 მ-მდე და მეტს. მას ხშირად ბრაზილიურ ტიკსაც უწოდებენ. მერქანი ყვითელ-ყავისფერი აქვს. გამოირჩევა მაღალი სიმკვრივითა (1100 კგ/მ3) და სიმაგრით (10 კგ/მმ2 ბრინელის მიხედვით). ჯიშის მექანიკური მდგრადობა საშუალებას იძლევა კუმარუ გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ტენისა და ამინდის პირობებში. მედეგია ლპობისა და ბიომავნებლების მიმართ. ადვილად შრება, კარგად იჭერს ლურსმნებს, თუმცა საკმაოდ რთული დასამუშავებელია (მაღალი სიმკვრივის გამო აფუჭებს საჭრელ ინსტრუმენტებს), ცუდად წებდება. შესანიშნავი მექანიკური მახასიათებლების გამო ფართოდ გამოიყენება მრეწველობასა და ყოფაცხოვრებაში. კუმარუს მერქნისაგან მზადდება: ტერასული ფიცრები, გემის გემბანი, გემმისადგომები, მასიური ძელები და ფიცრები სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობისათვის, უმაღლესი ხარისხის ავეჯი, ხელსაწყოების სახელურები, საცურაო აუზების საფარი, რკინიგზის შპალები, ხის შპონი, სადურგლო პროდუქცია და სხვ., ხოლო კუმარუს ფისს (კუმარინს) მოიხმარებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში, კვების მრეწველობასა და ა.შ.