ლაბიში ეჟენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეჟენ ლაბიში

ეჟენ ლაბიში (ფრანგ. Eugène-Marin Labiche, 1815-1888), ფრანგი დრამატურგი და რომანისტი. იგი 170-ზე მეტი კომედიის, ფარსისა და ვოდევილის ავტორია.

ვოდევილის კლასიკოსად აღიარებული ამ შემოქმედის დრამატურგია მნიშვნელოვანი მოვლენაა ფრანგული კომედიის ისტორიაში. ლაბიში აგრძელებდა სკრიბისეული კომედიური ტექნიკის ტრადიციებს და ოსტატურად თხზავდა ამოუწურავი კომიზმითა და თამამი გამომგონებლობით გამორჩეულ ნაირგვარ სიუჟეტებს. სკრიბისგან განსხვავებით, ლაბიში უფრო კრიტიკული იყო ბურჟუაზიული ზნე-ჩვეულებების მიმართ. თანამედროვე ბურჟუაზიის წარმოსაჩენად იგი თამამად, დაუნდობლად ამხელდა საკუთარი ნაწარმოებების მთავარ გმირებს: მათ თვითკმაყოფილებას, ეგოიზმს, უხამსობას, პირმოთნეობას. თანამედროვე საზოგადოების ზნე-ჩვეულებებისა და ქცევებისადმი კრიტიკულმა დამოკიდებულებამ დრამატურგის შემოქმედებაში სატირის ნიშნები და ერთგვარი რეალისტური ელემენტები შეიტანა. ამ სიახლეების ხორცშესასხმელად, სცენაზე მათი რეალიზებისათვის მხოლოდ ვოდევილის ფორმა არ აღმოჩნდა საკმარისი, ამიტომ ლაბიშის შემოქმედებაში ახალი სახის დრამატურგიული ნაწარმოებები გაჩნდა - ტრადიციული ვოდევილი ზნე-ჩვეულებათა კომედიამ შეცვალა. თუმცა ზნე-ჩვეულებათა კომედიამ ვოდევილის გარკვეული ნიშნები შეინარჩუნა, მაგრამ მასში პერსონაჟთა ხასიათები უფრო ღრმად არის დამუშავებული. ლაბიში ახლა გროტესკსაც ხშირად მიმართავდა.

ლაბიშის დრამატურგიაში ბურჟუაზიული საზოგადოების მრავალფეროვანი პალიტრაა წარმოდგენილი: შეძლებული ბურჟუები, მოხელეები, სამხედროები, დიდებულთა წრე და სხვ. ხარბ და პირმოთნე ბურჟუებს, იგი ხალხიდან გამოსულ საღად მოაზროვნე, გონიერ ადამიანებს უპირისპირებს. ფრანგული თეატრის ხალხური ტრადიციების შესატყვისად, ლაბიში მხიარული ფარსისა და ხალისიანი ბუფონადის ერთგული რჩება, აგრერიგად რომ მოსწონდა მაყურებელს.

ლაბიშის პიესებიდან განსაკუთრებით პოპულარულია: „ჩალის ქუდი“, „ბატონ პერიშონის მოგზაურობა“, „საყვარელი სალიმარი“, „ყულაბა“. მისი პიესები გამოირჩევა ოსტატურად შექმნილი ინტრიგით, მსუბუქი, მახვილგონივრული დიალოგებით, კომიზმით, რომელიც ზოგჯერ ბუფონური ხასიათისაა.

ჩალის ქუდი „ჩალის ქუდი“ დღემდე წარმატებით იდგმება მრავალი ქვეყნის თეატრის სცენაზე. ამ ვოდევილში მოქმედება პარიზელი ბურჟუის, ფადინარის ქორწილის დღეს ხდება. ფადინარის ცხენი შემთხვევით შეჭამს საყვარელთან პაემანზე მისული ქალბატონის ჩალის ქუდს, ქუდის დაკარგვამ კი შეიძლება ქალის ქმარს თვალი აუხილოს და ცოლის ღალატზე მიანიშნოს. შეშინებული საყვარელი აიძულებს ფადინარს, ზუსტად ასეთი ქუდი იშოვოს და ეს უკანასკნელი იწყებს ქუდის ძებნას. ამ ძიების პროცესში ლაბიში წარმოაჩენს თავისი გმირების - ბურჟუების, არისტოკრატების ზნე-ჩვეულებებს, ხასიათს, გვიჩვენებს პატარ-პატარა სცენებს პროვინციული ცხოვრებიდან. ბურჟუების კომიკურ ფიგურებთან ერთად, ლაბიშს სცენაზე არისტოკრატებიც გამოჰყავს, რომლებიც უმთავრესად კარიკატურულ ფერებში არიან წარმოდგენილები. მათ შორის ყველაზე გამოკვეთილ სახეებს - ბარონესა შამსინი და მისი სტუმრები წარმოადგენენ.

ლაბიშის მიერ მახვილი თვალით დანახულმა და სატირულ ფერებში წარმოდგენილმა ბურჟუაზიული ცხოვრების კომიკურმა მხარეებმა იმდენად სახიერი სცენები შექმნა, იმდენად დაუნდობლად, თუმცა კი, ძალზე ხალისიან, მხიარულ ფერებში დახატული რეალობა წარუდგინა მაყურებელს, რომ ლაბიში ფრანგების ყველაზე საყვარელი დრამატურგი გახდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები