ლაზერი
ლაზერი − (ოპტიკური კვანტური გენერატორი) (ინგლ. laser < აბრევიატურა ინგლისური დასახელების მიხედვით: Light Amplification by Stimulated Emission Radiation სინათლის გაძლიერება იძულებითი გამოსხივების შედეგად) – მოწყობილობა, რომელშიც ენერგია (სითბური, ქიმიური, ელექტრული) გარდაიქმნება ელექტრომაგნიტური ველის ენერგიად – ლაზერულ სხივად. ასეთი გარდაქმნისას, ენერგიის გარკვეული ნაწილი იკარგება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მიღებული ლაზერული ენერგია მაღალი ხარისხისაა. ლაზერული ენერგიის ხარისხი განისაზღვრება მისი კონცენტრაციით სივრცეში და იმით, თუ რამდენად შორ მანძილებზე შეიძლება გადაგზავნა.
ლაზერი წარმოადგენს სინათლის ყველაზე მძლავრ წყაროს, რომელსაც შეუძლია შექმნას ძალიან მცირე გაშლის კუთხის მქონე სინათლის კონა (დაახლოებით 10-5 რად). დედამიწიდან მთვარეზე გაშვებული ასეთი კონა მთვარის ზედაპირზე შექმნის 2 კმ დიამეტრის ლაქას. ჩვეულებრივი სინათლის წყაროსაგან განსხვავებით, სადაც ატომები დამოუკიდებლად ასხივებენ სინათლეს, ლაზერებში ატომები სინათლეს შეთანხმებულად ასხივებენ. ამიტომ ტალღების ფაზები არ განიცდის არარეგულარულ ცვალებადობას. ლაზერების გამოყენების პერსპექტიული მიმართულებებია: კომუნიკაცია, განსაკუთრებით კოსმოსურ სივრცეში, სადაც არაა სინათლის შთანთქმელი ღრუბლები; ინფორმაციის ჩაწერა და შენახვა (ლაზერული დისკები, სკანერები, პრინტერები); მძლავრი სხივებით სხვადასხვა ნივთიერების აორთქლება, შედუღება; ქირურგიული ოპერაციების ჩატარება; მოცულობითი გამოსახულების მიღება (ჰოლოგრამა); შუქლოკატორები, რომელთა დახმარებითაც საგნამდე მანძილის გაზომა ხდება რამდენიმე მილიმეტრის სიზუსტით; ატომებისა და მოლეკულების აღგზნება ქიმიური რეაქციების ჩასატარებლად; ძლიერი სხივების გამოყენება თერმობირთვული რეაქციების წარმართვისათვის და სხვ. ლაზერის სხივების პირველ აღმომჩენებად ითვლებიან, ნობელის პრემიის ლაურეატები: ნ. ბასოვი, ა. პროხოროვი (რუსეთის ფედერაცია) და ჩ. ტაუნსი (აშშ).