ლანგე კარლ გეორგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლ გეორგ ლანგე

ლანგე კარლ გეორგ - Lange Carl Georg, Ланге Карл Георг, 1834-1900

დანიელი მედიკოსი, ფიზიოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი. კოპენჰაგენისა და ლუნდის უნივერსიტეტების პროფესორი. ჩატარებული აქვს სერიოზული ფსიქოფიზიოლოგიური კვლევები, მაგრამ ყველაზე მეტად სახელი გაითქვა ემოციების ვაზომოტორული თეორიით. ლანგეს აზრები, რომლებამდეც იგი დამოუკიდებლად მივიდა, ყველა ძირითად პუნქტში უ. ჯეიმსის აზრებს ემთხვევა. ამიტომ მას ჯეიმს-ლანგეს თეორია ეწოდა.

ლანგეს აზრით, კლასიკურ თეორიას არ ესმის ემოციური და სხეულებრივი მოვლენების ურთიერთმიმართების ნამდვილი ბუნება და პირველს მეორის მიზეზად მიიჩნევს. მეტიც, კლასიკური შეხედულების თანახმად, „ყოველი მოვლენა, რომელსაც მოსდევს ემოცია, უშუალოდ იწვევს წმინდა ფსიქიკურ მოქმედებას, რაც არის კიდეც ნამდვილი ემოცია - ნამდვილი სიხარული, სევდა ა.შ. - ხოლო ემოციის სხეულებრივი გამოვლინებები მხოლოდ თანმდევი მოვლენებია, ყოველთვის არსებული, მაგრამ თავისთავად არაარსებითი” . ასეთ თვალსაზრისს მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია; ლანგეს თქმით, ის მეტაფიზიკურია. მართლაც, განა შეუძლია, ვთქვათ შიშს, ახსნას, თუ რატომ ვფითრდებით ან ვკანაკებთ ამ დროს? ლანგე ამტკიცებს, რომ „გრძნობას არ შეუძლია არსებობა თავის ფიზიკურ გამოვლინებათა გარეშე. მოუსპეთ შეშინებულ ადამიანს შიშის ყველა ფიზიკური სიმპომი, აიძულეთ მისი პულსი, წყანარად იფეთქოს, დაუბრუნეთ მას მტკიცე ხედვა, ჯანმრთელი პირისახის ფერი, მეტყველებას - ძალა, მოძრაობებს - სიჩქარე და დარწმუნებლობა - და რა დარჩება მაშინ მისი შიშისაგან?” . აქედან გამომდინარე, ავტორი მიიჩნევს, რომ გრძნობები არაა სხეულებრივ ცვლილებათა მიზეზი. უფრო მეტიც, სწორედ სხეულებრივი ცვლილებები, რომელთა საერთო მიზეზი ვაზომოტორული სისტემის ფუნქციონირებაა, არის მთელი ემოციური პროცესის საფუძველი. ლანგე თავდაყირა აყენებს ფიზიოლოგიურისა და ემოციურის {განცდისეულის} ურთიერთმიმართების საკითხს: ორგანიზმული ცვლილებები განიხილება როგორც პირდაპირი მიზეზი, წყარო და არსი ემოციური პროცესისა, რომელთა გარეშე ემოცია აღარ არის ის, რაც არის. ემოციების პერიფერიული თეორიის მიხედვით, ორგანული ცვლილებები ემოციების დროს მთავარი და ძირითადი ფენომენია, ხოლო მათი ასახვა ცნობიერებაში - მხოლოდ ეპიფენომენი. ლანგეს მიაჩნდა, რომ ემოციების განსხვავებული ფიზიკური გამოვლინებები ვაზომოტორული აპარატის სპეციფიკური ცვლილებებით აიხსნება. მან ჩამოაყალიბა ორგანულ ცვლილებათა სქემა შვიდი ემოციისთვის, რომელთაც ძირეულს უწოდებდა, ესენია: გულგატეხილობა, სევდა, შიში, უხერხულობა, მოუთმენლობა, სიხარული, ბრაზი.

ჯეიმს-ლანგეს თეორია ერთიან კონცეფციად განიხილება. განსხვავება მხოლოდ ემოციური რეაქციების ფიზიოლოგიური მექანიზმის გაგებაშია. ლანგე უპირველეს მნიშვნელობას ამ მექანიზმში ვისცერალური ორგანოების სისხლძარღვების ინერვაციასა და გამტარიანობას, ანუ ვაზომოტორულ სისტემას მიაწერდა, ხოლო ჯეიმსი - შინაგანი ორგანოებისა და ჩონჩხის მუსკულატურის მოქმედებას. მიუხედავად საფუძვლიანი კრიტიკისა {უ. კენონი}, ჯეიმს-ლანგეს თეორია ახლაც მრავალ სახელმძღვანელოშია მოხსენიებული.

ამ თეორიაში მართებულია ის, რომ გრძნობა თავისთავად ვერ გამოიწვევს სხეულებრივ ცვლილებებს. თუნდაც იმიტომ, რომ ორივე მყისიერად ხდება (მყისთანადობა). მაგ., ტყეში მგლების ხროვის დანახვისას ადამიანი ისე ავარდება ხეზე (რომელზე სხვა დროს ნელა აძრომაც კი გაუჭირდებოდა), რომ შიშს მხოლოდ ამის შემდეგ გრძნობს; ორგანიზმის სტრესული მობილიზაცია {არასპეციფიკური ადაპტაციური სინდრომი} და შიშის განცდა არსებითად ერთდროულია (მ. მაღრაძე). მაგრამ, მეორე მხრივ, უ. კენონმა ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ ორგანიზმული ცვლილებები თავისთავად გრძობას არ იწვევს. ემოციების ხელოვნური გამოწვევით კენონმა დაასაბუთა, რომ ორგანიზმში ფიზიოლოგიური ძვრები თავისთავად არ განიცდება გრძნობებად. მაგ., ადრენალის შეშხაპუნებით გამოწვეული ფიზიოლოგიური ცვლილებები ორგანულ, შიდა შეგრძნებებად განიცდება - და არა ემოციებად. და პირუკუც, ემოციები სხეულებრივი პროცესების არყოფნის შემთხვევაშიც შეიძლება წარმოიქმნეს. ნაჩვენები იყო ისიც, რომ ნერვულ-ჯირკვლოვანი რეაგირება შედარებით ნელია და ამიტომ ვერ იქნება უმალვე აღმოცენებული ემოციის წყარო. გარდა ამისა, სხეულებრივი რეაქციები ძალზე დიფუზურია, რათა აგვიხსნას ემოციათა გასაოცარი მრავალფეროვნება. შიში და ბრაზი, მაგ., დაახლოებით ერთნაირ ორგანიზმულ ცვლილებებს იწვევს {სტრესი}, როცა გაავებული ძაღლი უცხოს უყეფს, შიში და ბრაზი ერთადაა; თუმცა ჩვენ შიშს ადვილად ვარჩევთ ბრაზისაგან.

მაშასადამე, არც ემოცია იწვევს სხეულებრივ ცვლილებებს და არც სხეულებრივი ცვლილები - ემოციებს. ორივე თეორია მცდარია, რადგან უშუალობის პოსტულატს ემყარება. სინამდვილეში სხეულებრივ ცვლილებაც და გრძნობაც აქტუალური განწყობის არაცნობიერი გადაყალიბების განცდადი გამოვლინებებია {განწყობის გამოვლინება}. (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები