ლანგსდორფი გეორგ ჰენრიხ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეორგ ჰენრიხ ფონ ლანგსდორფი – (გერმ. Georg Heinrich von Langsdorff, 18 აპრილი 1774, — 29 მაისი 1852), გერმანილი წარმოსობის რუსი, ბუნებისმეტყველი, ექიმი და მოგზაური, 1803 წლიდან რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

1803-1807 წ.წ. მან მონაწილეობა მიიღო კრუზენშტერნის მეთაურობით მოწყობილ ექსპედიციაში დედამიწის გარშემო. უფრო გვიან, ლანგსდორფი, როგორც რუსეთის საელჩოს წევრი, რომელსაც რეზანოვი ხელმძღვანელობდა, გაემგზავრა იმ დროისათვის ნაკლებად ცნობილ იაპონიაში; შემდეგ მან რამდენიმე ხანი დაყო კამჩატკაზე, საიდანაც ის გაემგზავრა რუსეთის ჩრდილო-ამერიკულ სამფლობელოში, ალეუტის კუნძულებზე. 1806 წ. ლანგსდორფი დაბრუნდა კამჩატკის პეტროპავლოვსკში და ოხოტსკის გავლით, ციმბირის სახმელეთო გზით, დაბრუნდა პეტერბურგში 1807 წელს. 1812 წ. ლანგსდორფი აირჩიეს ბოტანიკისა და ზოოლოგიის ექსტრაორდინარულ აკადემიკოსად. რამდენიმე ხნის შემდეგ რუსეთის მთავრობამ ლანგსდორფი დანიშნა ელჩად ბრაზილიაში, სადაც ის, დიპლომატური საქმიანობის გარდა, ეწეოდა მეცნიერულ მუშაობასაც.

1821 წ. ლანგსდორფი მოითხოვდა ნებართვას და სახსრებს, რათა მას შესძლებოდა მეცნიერული კვლევა-ძიება გაგრძელება სამხრეთ ამერიკის ცენტრალურ რაიონებში, უმთავრესად ბრაზილიაში (დაახლოებით თანამედროვე მატო-გროსოს, მინას-ჟერაესის და სან-პაულოს შტატების ფარგლებში და მის მოსაზღვრე რაიონებში) და გვიანაში (მდინარე ორინოკოს აუზში). ლანგსდორფმა მიიღო ნებართვა და სახსრები და მან შვიდი წლის განმავლობაში გამოიკვლია ოლქები, რომლებიც მდებარეობენ პარანა-პარაგვაისა და მადეირა-ამაზონის აუზებში მათი მრავალი შემდინარეებით, როგორიცაა–ტიეტე, რიო-პარდუ, ტარკუარი, სან-ლორენსო, ჟაურუ, ტაპაჟოს-ჟურუენა, არინოსი, გუაპორე, რიო-ნეგრო და სხვ. ეს კარგად ორგანიზებული ექსპედიცია ვერ დასრულდა, რადგან 1828 წ. ივნისში ლანგსდორფი მძიმედ დაავადდა ტროპიკული მალარიით, რამაც უარყოფითად იმოქმედა მის გონებრივ შესაძლებლობებზე. მიუხედავად ამისა, ექსპედიციას თავისი დროისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ლანგსდორფმა და მისმა თანამგზავრებმა ინახულეს ისეთი ოლქები, რომლებიც იმ დროისთვის უცნობი და მიუწვდომელი იყო; ექსპედიციამ შეკრიბა მასალები ბოტანიკაში, ზოოლოგიაში, ეთნოგრაფიაში, შეადგინა საინტერესო მგზავრის წერილები და დღიურები, შეადგინა ლექსიკონი ინდოელთა რამდენიმე ტომის ენაზე (აპიაკა, გუანა, მუნდურუკუ და სხვ.). გარდა ამისა, ექსპედიციის მხატვარმა ფლორანსმა შეაგროვა საინტერესო და მდიდარი საილუსტრაციო და სატექსტო მასალები. ფლორანსის დღიური ნ. გ. შირინცინის შეხედულებით „ეთნოგრაფიისათვის დიდ განძს წარმოადგენს, გარდა მარშრუტების შესახებ მოცემული ცნობებისა, მუშაობის მეთოდისა და ხშირად სიცოცხლისათვის სახიფათო სიძნელეებისა, ფლორანსს მოჰყავს დიდი ფაქტობრივი მასალა, რომელიც მოგზაურობის დროს უშუალო დაკვირვების შედეგია. განსაკუთრებით ძვირფას მასალას წარმოადგენს გუანას, გუატოს, მუნდურუკუს და სხვ. ტომთა აღწერა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობები აპიაკას ტომის შესახებ, ეს ტომი ამჟამად თითქმის ამოწყვეტილია“… ლანგსდორფის ექსპედიციის შრომები დღემდე არ არის გამოცემული.


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები