ლატვიის რესპუბლიკის საკონსულო საქართველოში (1920-1922)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლატვიის რესპუბლიკის საკონსულო საქართველოში - 1920-1922 წლებში მდებარეობდა თბილისში, მიხეილის (შემდგომში - პლეხანოვის, ამჟამად - დავით აღმაშენებლის) პროსპექტზე, №171-ში, ლატვიელთა სათვისტომოს მახლობლად (№180). დაფუძნდა 1920 წლის მარტში, როგორც ლატვიის რესპუბლიკის საკონსულო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

კონსულის თანამდებობაზე მოღვაწეობდნენ ოსკარს ბუმანისი (1899-1937) და იანის პუნინში (1889-1968). 1921 წლიდან ლატვიის ვიცე-კონსულის მოვალეობას ასრულებდა იული კარლის ოსკარ სტრაუმე (1874-1970) - საზოგადო მოღვაწე, ეთნოგრაფი, მხატვარი და პედაგოგი, რომელიც საქართველოში 16 წელიწადს (1907-1923) ცხოვრობდა. ამ თანამდებობაზე იგი მოღვაწეობდა ლატვიის საკონსულოს დახურვამდე, კერძოდ, 1922 წლის 10 თებერვლამდე. საკონსულო ზრუნავდა საქართველოში მყოფ ლატვიელთა სამშობლოში დაბრუნებისათვის. 1922 წლის 12 სექტემბერს ი. სტრაუმემ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა შემდეგი შინაარსის წერილი: „თუ ამიერკავკასია ის ხიდია, რომელზედაც აღმოსავლეთთან გადებულია ეკონომიკური, სავაჭრო და საწარმო ინტერესების გზა, თუ ლიტვა და ესტონეთი საქართველოსთან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების შენარჩუნებას ცდილობენ (ლიტვამ გამოგზავნა სრულუფლებიანი სავაჭრო წარმომადგენელი, ხოლო ესტონეთმა ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან თბილისში დააარსა თავისი წარმომადგენლობა - სრულიად კავკასიასთან და სპარსეთთან კავშირისათვის და ახლო მომავალში ელოდება გემს - ესტონური საქონლით), მაშინ ლატვიასაც, ჩემი რწმენით, კავკასიაში თავისი წარმომადგენლობის შენარჩუნების საკმაო დაინტერესება უნდა გააჩნდეს“. ამის მიუხედავად, თბილისში ვეღარ მოხერხდა ლატვიის საკონსულოს აღდგენა, რის გამოც ი. სტრაუმე 1923 წლის ბოლოს სამშობლოში დაბრუნდა.

ნიკო ჯავახიშვილი

ლიტერატურა

Н. Джавахишвили, Очерки истории грузино-балтийских взаимоотношений, Рига, 2015.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები