ლახუნდარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლახუნდარა – სოფელი დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ბორიმელის ხეობაში. ზღვის დონიდან 600 მეტრი. ხარაგაულიდან 13 კილომეტრი.

სახელწოდება

იმერეთის ტერიტორიაზე არაერთი ზანური (მეგრული) წარმოშობის ტოპონიმი დასტურდება, რომლებიც ძირითადად ზანურივე აფიქსებით არიან გაფორმებულნი (ო-კრიბ-ა. ო-ფურჩხ-ეთ-ი, ო-ნ-ჯოხ-ეთ-ი, …). ვვარაუდობთ, რომ ლახუნდარაც ერთ-ერთი ასეთი ზანური წარმომავლობის სახელია. იგი წარმომდგარა მეგრული ლა- თავსართით. ძირისეულ მასალად უნდა გამოიყოს ხუნდ-ი (||ხუნჯ-ი), რომელიც სამეგრელოში დათვის, მელიის, კვერნის და სხვა ნადირის დასაჭერ რკინის ხაფანგს ეწოდება. ხუნდი, პ. ჯაჯანიძის ცნობით, ხის ბორკილი ყოფილა; ყმის დასასჯელად იხმარებოდაო; იგი ხაფანგადაც გამოიყენებოდა. ერთობ საყურადღებოა ლეჩხუმურ კილოში არსებული მონადირული სიტყვა სახუნარი „ჩასასაფრებელი ადგილი“. „კაი სახუნარი ვიშოვეთ, თვარა გაგვიჭირდებოდა ი დათვის მოკვლა“. სახუნარ-ი აშკარად სახუნდარის გამარტივებული ფორმაა. სულხან-საბა ორბელიანი განმარტავს, საჴუნდარი ნადირთ მოსავალი ადგილიაო. ძველ საქართველოში (XVII-XVIII ს.ს.) სახუნდარი (საჴუნდარი, სახუნდარა) სოფლის სახელადაც კი გვხვდებოდა: „სახუნდარაში ვენახი მიჰყიდა გასპარი დარისპანაშვილმა დოლმაზას“. „საჴუნდარი ეკუთვნოდა რატიშვილებსა და ბაინდურა შანშიაშვილს, ნაზარალიხანმა უბოძა იგი მუსტაფა ბაღირ-ბეგს“.

ამას გარდა, ყოფილა მტრედზე, მწყერზე და სხვა გარეულ ფრინველზე სპეციალურად შერჩეულ-მონიშნული სანადირო ადგილები: სასა–ხუნდრეები, სატრედო (სატრედეთ-მიწა), სამწყრე (სამწყრის წყალი) და სხვ.

მაშასადამე, შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ზემო იმერეთში არსებული ტოპონიმი ლახუნდარა წარმოშობით მეგრულია და ნიშნავს: „გარეულ ნადირ-ფრინველზე სანადირო ადგილები“, „სასახუნდრე“. როგორც ჩანს, დღევანდელი ლახუნდარა დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო სანადირო ადგილად იყო მიჩნეული, რაზედაც თვით სახელწოდება მეტყველებს.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები