ლიბერალური ინტერგავერნმენტალიზმი
ლიბერალური ინტერგავერნმენტალიზმი – ევროპული ინტეგრაციის თეორია. ენდრიუ მორავჩიკმა ინტეგრაციის პროცესის ინტერგავერნმენტალისტური თეორიის უფრო სრულყოფილი ვარიანტი განავითარა. მან თავისი მოსაზრება ნეოფუნქციონალიზმის კრიტიკით დაიწყო. იგი თვლიდა, რომ
- ევროპული ინტეგრაციის თეორიები შევსებული (ან თუნდაც, ჩანაცვლებული) უნდა ყოფილიყო საერთაშორისო ურთიერთდამოკიდებულებაზე ეროვნული პასუხების უფრო ზოგადი თეორიებით.
- ევროპული თანამეგობრობისთვის ძალაუფლების ფორმალური გადაცემა ხშირად არ იწვევდა სუვერენიტეტის რეალურ დათმობას. ამიტომ საერთო პოლიტიკების განვითარებაზე საპასუხო პროცესები ისევე უნდა ყოფილიყო დეტალურად განხილული, როგორც ამას ნეოფუნქციონალიზმი – აკეთებდა კომპეტენციების ინსტიტუციური ტრანსფერის განხილვის შემთხვევაში.
- ერთმიზეზობრივი (unicausal) თეორიები არ იყო ადექვატური მიმდინარე მოვლენების ასახსნელად. საჭირო იყო ერთზე მეტი თეორია იმისათვის, რომ უფრო ეფექტურად ყოფილიყო ევროპული თანამეგობრობის პოლიტიკის შემუშავების მთელი კომპლექსურობის დახასიათება.
მორავჩიკის აზრით, ამ კრიტიკის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო მაშინ, თუ ევროპული თანამეგობრობის ანალიზისთვის გამოიყენებდნენ „საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის არსებულ თეორიებს“.
ჰოფმანის მსგავსად, მორავჩიკიც მიიჩნევდა, რომ სახელმწიფოები რაციონალური აქტორები იყვნენ. თუმცა, მან გადაუხვია ტრადიციულ რეალისტურ დამოკიდებულებს სახელმწიფოსთან, როგორც „შავ ყუთთან“ დაკავშირებით და შედარებით ლიბერალური პოზიცია დაიკავა. მისი აზრით, სახელმწიფოთა მთავრობები თამაშობდნენ იმას, რასაც ცნობილი მკვლევარი პუტნამი უწოდებდა „ორ-დონიან თამაშს“. მორავჩიკის ანალიზის პირველ ნაწილში, შიდა პოლიტიკური პროცესები განსაზღვრავდა მთავრობების მიერ ეროვნული ინტერესების განმარტებას, გაგებას (პირველი დონე). მოგვიანებით, საერთაშორისო მოლაპარაკებებში მთავრობები იცავდნენ იმ პოზიციას, რაც ამ ეროვნული ინტერესებით იყო ნაკარნახევი (მეორე დონე). შიდა პოლიტიკაზე მორავჩიკის „ლიბერალური“ მიდგომა იმაში მდგომარეობდა, რომ, მკვლევარის აზრით, მთავრობის პრეფერენციის, პოზიციის მთავარი განმსაზღვრელი იყო შიდა არენაზე ეკონომიკურ ინტერესებს შორის ბალანსი.
მისი ანალიზის მეორე ნაწილი ეხებოდა იმის განხილვას, თუ როგორ ხდებოდა მინისტრთა საბჭოს მოლაპარაკებების დროს კონფლიქტური ეროვნული ინტერესების დაახლოება. ეს პროცესი დაყოფილი იყო ორ ლოგიკურად შედეგობრივ ეტაპად. პირველ ეტაპი იყო ერთიან პასუხზე შეთანხმება (ერთიანი, საერთო პოლიტიკის მიმართულების ჩამოყალიბების სახით) იმ პრობლემასთან მიმართებაში, რომლის გადაჭრასაც მთავრობები უკვე ცდილობდნენ. მეორე ეტაპი კი იყო შეთანხმების მიღწევა შესაფერის ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით. მორავჩიკმა მაგალითად მოიყვანა მონეტარული კავშირი: დასაწყისისთვის ბანკის მიზნების გააზრების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ევროპის ცენტრალური ბანკის სტრუქტურაზე მოლაპარაკებების სათანადო გაგება.
ლიბერალური ინტერგავერნმენტალიზმის ანალიტიკური ჩარჩო მორავჩიკმა ევროკავშირის ჩამოყალიბების ხუთ ეპიზოდთან დაკავშირებით განიხილა:
- რომის ხელშეკრულებების მოლაპარაკება (1955-1958).
- ერთიანი ბაზრისა და საერთო სოფლის მეურნეობის პოლიტიკის კონსოლიდაცია, სრულყოფა (1958-1983).
- მონეტარული თანამშრომლობის პირველი ექსპერიმენტისა და ევროპული მონეტარული სისტემის ჩამოყალიბება (1969-1983).
- ერთიანი ევროპული აქტის მოლაპარაკება (19841988).
- ევროპული კავშირის ხელშეკრულების მოლაპარაკება (1988-1991).
ამ მაგალითების (ქეისების) ანალიზის საფუძველზე, მორავჩიკმა შემდეგი დასკვნები გამოიტანა:
- ევროპის სასარგებლოდ გაკეთებული ყველა არჩევანი ასახავდა არა სუპრანაციონალური ორგანიზაციების, არამედ ეროვნული მთავრობების პრეფერენციებს, სურვილებს.
- ეს ეროვნული პრეფერენციები ასახავდა ეკონომიკური ინტერესების ბალანსს, და არა პოლიტიკოსების პოლიტიკურ ტენდენციებს ან ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული გამოწვევებს.
- მოლაპარაკებების შედეგები მიუთითებდა – სახელმწიფოების შედარებით მომლაპარაკებელ ძალაუფლებაზე (relative bargaining power) ანუ იმაზე, რომ სახელმწიფოები იყვნენ უფრო მეტად გავლენიანები, ვიდრე ნებისმიერ სხვა დანარჩენი აქტორები, და რომელ მთავრობასაც უფრო მეტი ძალაუფლება და გავლენა ჰქონდა, მისი პოზიციები უფრო მეტად იქნებოდა საბოლოო შედეგებში გათვალისწინებული (ანუ შედარებით ძლიერი მთავრობა უფრო მეტად გაიტანდა თავის პოზიციას, უფრო ეფექტურად და წარმატებით დაიცავდა თავის ინტერესებს, ვიდრე ნაკლებ გავლენიანი მთავრობა). ასევე, სუპრანაციონალური ინსტიტუტებისთვის გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლების გადაცემა განპირობებული იყო იმით, რომ მთავრობებს სურდათ უზრუნველყოფილი ყოფილიყო ყველა წევრი ქვეყნის მიერ ხელშეკრულების პატივისცემა; და ეს არ იყო გამოწვეული ფედერალისტური იდეოლოგიით ან საერთაშორისო ორგანიზაციების ეფექტურობის რწმენით.
მორავჩიკი სერიოზულად იქნა გაკრიტიკებული თავისი არგუმენტაციისთვის მაგალითების „სუბიექტური“ შერჩევის გამო. როგორც შარფი აცხადებდა,
- ვინაიდან მხოლოდ ინტერგავერნმენტალისტური მოლაპარაკებები იყო განხილული, მაშინ რატომ უნდა ყოფილიყო იმის მოლოდინი, რომ ეროვნული მთავრობების პრეფერენციები არ განსაზღვრავდნენ შედეგებს?
- ვინაიდან ყველა შერჩეულ მაგალითი ეკონომიკურ ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული, რატომ უნდა ყოფილიყო იმის მოლოდინი, რომ ეკონომიკური ასპექტები არ განსაზღვრავდნენ მთავრობათა პოზიციებს მოლაპარაკებების დროს?
- და ვინაიდან მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილებები იყო განხილული, რომლებიც ერთსულოვანი შეთანხმებით მიიღება, რატომ უნდა ყოფილიყო იმის მოლოდინი, რომ საბოლოო შედეგებზე არ აისახებოდა მთავრობების შედარებითი მომლაპარაკებელი ძალაუფლება?
შარფის აზრით, მორავჩიკის მაგალითების ალტერნატივა იქნებოდა უფრო მცირე მასშტაბის, ყოველდღიური გადაწყვეტილებების (რომლებიც რეალურად ევროკავშირის გადაწყვეტილებების უმეტეს ნაწილს წარმოადგენს) ანალიზი. ამ შემთხვევაში სურათი შეიძლება ძალიან განსხვავებული ყოფილიყო: სუპრანაციონალურ აქტორებს შეიძლება უფრო მეტი გავლენა ჰქონოდათ, ეროვნული პრეფერენციები კი შეიძლება უფრო ნაკლებ მკაფიოდ ყოფილიყო განსაზღვრული და მთავრობების მიერ შეიძლება ნაკლები სიმკაცრითა და ენერგიულობით ყოფილიყო დაცული.