ლივინგსტონი დავიდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავიდ ლივინგსტონი

დავიდ ლივინგსტონი – (ინგლ. David Livingstone, (1813-1873 წ.წ.), შოტლანდიელი მოგზაური, რომელმაც იმოგზაურა აფრიკაში;

1840 წ. ლივინგსტონი, როგორც მისიონერი, გაემგზავრა კაპლანდში და 1849 წლიდან მან სამჯერ იმოგზაურა. თავისი პირველი ექსპედიციის დროს ლივინგსტონმა გამოიკვლია უდაბნო კალაჰარი, აღმოაჩინა ტბა ნგამი და მასთან დაკავშირებული მდინარეები ზუგუ, ტეოგე და ტამუნალი. 1851 წ. მაკოლოლების ქვეყანაში მან აღმოაჩინა განიერი და ლამაზი მდინარე ლიამბეი და მისი სამხრეთი შემდინარე ჩობე. 1852 წ. ივნისიდან 1856 წლის მაისამდე ლივინგსტონმა გადასჭრა აფრიკის სამხრეთი ნახევარი ოკეანიდან ოკეანემდე ორი მიმართულებით: ჯერ მაკოლოლების ქვეყნიდან გაიარა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით – ანგოლაში, ატლანტის ოკეანის ნაპირამდე; შემდეგ იგი მობრუნდა უკან და ლილიანტის გავლით გადაჭრა მთელი კონტინენტი და მდინარე ზამბეზის დინების მიმართულებით გამოვიდა კელიმანში ინდოეთის ოკეანისაკენ. ამ მოგზაურობის დროს ლივინგსტონმა აღმოაჩინა რამდენიმე ათეული მდინარე, ქედები და ხეობები, აგრეთვე მრავალი დასახლებული პუნქტი. მდინარე ზამბეზზე მან აღმოაჩინა ცნობილი „ჩანჩქერი „მოსი-ოა-ტუნია" („ბოლი იქ გრგვინავს“), რომელსაც ლივინგსტონმა უწოდა „ვიქტორიას“ ჩანჩქერი (ინგლისის დედოფლის პატივსაცემად). ახლად აღმოჩენილი ადგილები ლივინგსტონმა გადაიტანა რუკაზე, – ამისათვის მას მოუხდა კოორდინატების ასტრონომიული განსაზღვრა, რიცხვით დაახლოებით სამი ათასისა; შემდეგ ამისა მან მოგვცა მის მიერ ნანახი ქვეყნების ფლორისა და ფაუნის აღწერა.

ლივინგსტონის შემდეგი მოგზაურობა (1858 წლიდან 1864 წლამდე) აგრეთვე მდიდარია თავისი შედეგებით. მდინარე ზამბეზის შესართავში მან აღმოაჩინა უფრო მოხერხებული სანაოსნო სადინარი – კონგონე, რომელიც აერთებდა მდინარის მთავარ დინებას ზღვასთან. ამის შემდეგ ლივინგსტონმა გამოიკვლია ზამბეზის შენაკადი – შირე და მის მიერვე აღმოჩენილი ტბა შირვა. 1859 წელს მან აღმოაჩინა დიდი და ლამაზი მთის ტბა „ნიასა“.

ეს ექსპედიცია ლივინგსტონმა აღწერა თავის წიგნში: „ხამბეზზე და მის შემდინარეებზე წყლით მოგზაურობა“ (1865 წ.). 1866 წლის იანვრიდან 1873 წ. აპრილამდე ლივინგსტონის მორიგი მოგზაურობის მეცნიერული შედეგები აგრეთვე მეტად მნიშვნელოვანი იყო. მან შეისწავლა ტბა ტანგანიკის რეჟიმი და გამოიკვლია ტანგანიკისაგან დასავლეთით მდებარე ოლქი მანიემუ. ამ ოლქში მან აღმოაჩინა მდინარე ლუალაბა, რომელიც ბოლოს აღმოჩნდა მდინარე კონგოს ზემო ნაწილი; უფრო სამხრეთით ლივინგსტონმა აღმოაჩინა ტბები მოერო და ბანგვეოლო და დაადგინა კონგოს მარჯვენა შენაკადების − მდინარე ჩამბეზის, ლუაპულის და კონგოს ზემო დინების ლუალაბის ამ ტბებთან დამოკიდებულების ხასიათი.

დიდი ხნის განმავლობაში ლივინგსტონის შესახებ არაფერი იცოდნენ. ამის გამო ამერიკელ გაზეთ „ნიუ-იორკ-ჰერალდ“-ის რედაქციამ, რომელსაც ამ შემთხვევაში აინტერესებდა რეკლამა, ლივინგსტონის საძებრად გაგზავნა ჰენრი სტენლი. სტენლიმ ლივინგსტონი მოძებნა 1871 წელს. ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ დიადი მოგზაური ლივინგსტონი გარდაიცვალა ჩიტამბოში (ილალის ქვეყანაში). იგი დაკრძალულია ლონდონში უესტმინსტერის ტაძარში. თავისი მოგზაურობანი ლივინგსტონმა აღწერა შემდეგს შრომებში:
1) „მისიონერის მოგზაურობა და გამოკვლევანი სამხრეთ აფრიკაში“ (ლონდონი, 1857 წ.; ტ.1 და IV);
2)„მოთხრობა ზამბეზის ექსპედიციაზე“ (ლონდონი, 1865 წ.).


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები