ლინგვისტური გეოგრაფია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლინგვისტური გეოგრაფიაენათმეცნიერების , იკვლევს ცალკეულ ენობრივ მოვლენათა ტერიტორიული გავრცელების საზღვრებს. იგი წარმოიშვა XIX-XX სს-ში დიალექტთა შესწავლის პროცესში. ტრადიციული დიალექტოლოგიისაგან განსხვავებით, რომლებიც აღწერს გარკვეულ გეოგრაფიულ საზღვრებში გავრცელებული დიალექტის თავისებურებათა ერთობლიობას (ანდა დიალექტურ მოვლენებს შეისწავლის გარკვეული ენობრივი სისტემის ფარგლებში), ლინგვისტური გეოგრაფია მიზნად ისახავს წარმოადგინოს ამა თუ იმ ენობრივი თავისებურების გავრცელებულობა მთელი ენის მასშტაბით.

შემდეგ ლინგვისტური გეოგრაფიის მეთოდები გამოიყენეს საერთო მოვლენათა შესასწავლად, როგორც მონათესავე, ასევე არამონათესავე ენებშიც ტიპოლოგიურ მსგავსებათა თუ განსხვავებათა წარმოსაჩენად. მაგ., ლინგვისტური გეოგრაფიის მეთოდებით აღიწერება ზოგი მორფოლოგიური, სინტაქსური და ლექსიკური თავისებურებები ენათა მიხედვით ევროპის ტერიტორიაზე, სადაც თანაარსებობენ არამონათესავე ინდოევროპული და უნგრულ-ფინური ენები. ასეთ შესწავლას გარკვეული მნიშვნელობა აქვს ხალხთა ისტორიის, მიგრაციების, ენათა კონტაქტებისა და მათი შედეგების კვლევისთვისაც.

ენობრივ თავისებურებებს ლინგვისტური გეოგრაფია შეისწავლის კარტოგრაფირების მეთოდით. რუკაზე აღინიშნება ის ადგილები, სადაც გარკვეული თავისებურება იჩენს თავს. ამა თუ იმ ნიშნის ან მოვლენის ნაირსახეობათა განლაგების ფარგლები აღინიშნება ხაზით, რომელსაც იზოგლოსას უწოდებენ. შეიძლება ეს ფარგლები სხვა პირობითი ნიშნითაც (მაგ., ფერით...) აღინიშნოს. იქმნება იმდენი რუკა, რამდენ თავისებურებასაც შეისწავლიან. ცალკეულ თავისებურებათა რუკები ერთიანდება ლინგვისტურ ატლასში.

ენობრივ თავისებურებათა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გავრცელებამ საფუძველი მისცა მკვლევართა ერთ ნაწილს დიალექტის როგორც გარკვეულ ენობრივ თავისებურებათა ერთობლიობის მქონე მეტყველების უარსაყოფად. ასეთი დასკვნა ემყარება იმ ფაქტს, რომ სხვადასხვა მოვლენის ამსახველი იზოგლოსები ერთმანეთს გადაკვეთენ, მაგრამ არ ემთხვევიან და რაიმე მკაფიოდ გამოხატულ ერთობლიობას არ ქმნიან. თვით ენათა შორის საზღვრებიც კი არ აღმოჩნდა ისეთი მტკიცე და მკაფიო, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა.

დიალექტების არსებობის უარყოფა რომელიმე თეორიული მოსაზრების საფუძველზე სინამდვილეზე ძალდატანების ცდა იქნებოდა. ურთიერთგადამკვეთი იზოგლოსების შესწავლა ყოველთვის წარმოაჩენს დიალექტის სტრუქტურულ ცენტრსა და პერიფერიას, სადაც სხვადასხვა დიალექტის თავისებურებები შეიძლება თანაარსებობდნენ. ამასთანავე, იზოგლოსების შესწავლა გვიჩვენებს, თუ რომელი ენობრივი მოვლენები არის რეგულარულად ურთიერთდაკავშირებული. იზოლირებული იზოგლოსების ენათმეცნიერული განმარტება შეუძლებელია, რადგან შეუძლებელია ენობრივი მოვლენის გაგება სისტემის გათვალისწინების გარეშე. საჭირო ჩანს არა მხოლოდ ცალკეულ ფორმათა, არამედ ფორმათა სისტემის კარტოგრაფირებაც.

დიალექტოლოგია და ლინგვისტური გეოგრაფია ურთიერთშემავსებელი დარგებია და არა ურთიერთდაპირისპირებული.

მ. კობაიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები