ლისია (ორატორი)
ლისია – (ძვ.წ. 459 - 380), ორატორი, სამოსამართლო რიტორიკის ყველაზე უფრო გამოჩენილი წარმომადგენელი.
ლისია იყო მდიდარი სირაკუზელი მოქალაქის, კეფალოსის, შვილი. პერიკლეს დროს კეფალოსი გადმოსახლდა ათენში, სადაც იგი მრეწველობასა და ვაჭრობას მისდევდა. ამგვარად, იგი გახდა მეტეკი (ე. ი. უცხოელი), მაგრამ სხვა მეტეკებთან შედარებით იგი უფრო მეტი უფლებების მქონე იყო (მას ჰქონდა ე. წ. „ისოტელია“). შვილებს, ლისიას და პოლემარქოსს, კარგი განათლება მისცა: ფილოსოფია და რიტორიკა მათ საუკეთესო მასწავლებლებთან შეითვისეს. მამის გარდაცვალების შემდეგ ძმები გადასახლდნენ (დაახლოებით 440-იან წლების ბოლოში) ათენელების მიერ სამხრეთ იტალიაში დაარსებულ ქალაქ თურიოში. 413 წელს, სიცილიის ექსპედიციაში ათენელთა დამარცხების შემდეგ, თურიოში მოხდა გადატრიალება და გამარჯვებულმა ოლიგარქებმა დევნა დაუწყეს დემოკრატიის მომხრეებს. ლისია და პოლემარქოსი იძულებული იყვნენ თურიოდან გაქცეულიყვნენ და დასახლდნენ ათენში. აქაც მათ დევნა განიცადეს. როგორც ცნობილია, 411 წელს ათენში დემოკრატია შეცვალა ოლიგარქიამ, ოთხასის საბჭომ. მართალია, ამ უკანასკნელის ბატონობა მხოლოდ ოთხ თვეს გაგრძელდა და დემოკრატია კვლავ მოექცა გამგებლობის სათავეში, მაგრამ 404 წელს, სპარტის საბოლოო გამარჯვების შემდეგ, ოლიგარქიამ ხელთ იგდო სახელმწიფოს სადავეები სპარტელების დახმარებით. დამკვიდრდა ე. წ. „ოცდაათი ტირანის“ ბატონობა და დემოკრატებთან ერთად დევნა დაუწყეს მეტეკებსაც. ლისიას და პოლემარქოსს მთელი ქონება ჩამოართვეს, ერთი „ოცდაათთაგანის“, ერატოსთენეს, წინადადებით სამართალში მისცეს ლისია და მისი ძმა. ლისიამ მოახერხა გაქცევა, ხოლო პოლემარქოსი გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.
ამის შემდეგ ლისია, ათენიდან გაქცეული, რაც შეეძლო ეხმარებოდა დემოკრატიის აღდგენისათვის მებრძოლთ. ასე, მაგალითად, მან ნივთიერი დახმარებაც გაუწია თრასიბულეს, რომლის მეთაურობით 403 წლის შემოდგომაზე დემოკრატიამ გაიმარჯვა. მიუხედავად თრასიბულეს ყოველგვარი ცდისა, ლისიამ ვერ მიიღო ათენელი მოქალაქის უფლებები და იგი ბოლომდე მეტეკად ითვლებოდა.
სიღარიბეში ჩავარდნილმა ლისიამ ხელი მოჰკიდა ვექილობას (მაშინდელი გაგებით) და „ლოგოგრაფოსობით“ ირჩენდა თავს. განსაკუთრებით თავი ისახელა ლისიამ იმ პროცესით, რომელიც მან დაიწყო თავისი ძმის მკვლელის, ერატოსთენეს, წინააღმდეგ. მისმა ბრწყინვალე სიტყვამ „ერატოსთენეს წინააღმდეგ“ მიიზიდა მისკენ უამრავი კლიენტი.
ლისიას სახელით ცნობილი იყო 425 სიტყვა. ამათგან ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ 34 სიტყვა; გარდა ამისა ვიცნობთ 127 სიტყვის სათაურებს და ფრაგმენტებს.
ლისიას სიტყვათაგან მხოლოდ ერთია საზეიმო ჟანრის, ერთიც სათათბირო-პოლიტიკური ჟანრისაა. ყველა დანარჩენი სიტყვა სამოსამართლო რიტორიკას ეკუთვნის.
ლისიას სიტყვებს ახასიათებს, პირველ ყოვლისა, დახვეწილი ატიკური ენა; იგი თავისუფალია მოძველებული სიტყვებისაგან და აგრეთვე ჭარბი ნეოლოგიზმებისაგან. ლისია (უკეთ რომ ვთქვათ, მისი კლიენტები, ვისთვისაც ის სიტყვებს სწერდა) ლაპარაკობს ჩვეულებრივი სიტყვებით და არართული კონსტრუქციებით. ამ მხრივ ძველი გრამატიკოსებივე უქებდნენ მას სიტყვის იმ ნაწილს, რომელსაც ერქვა όιήγησις, სადაც მოკლედ და გასაგებად მოთხრობილი იყო სასამართლო პროცესის გამომწვევი ფაქტები.
ლისია, როგორც ყველა ლოგოგრაფოსი, იძულებული იყო აეგო სიტყვა კლიენტის სოციალური და ინტელექტუალური თვისებების შესაბამისად, რათა ამ კლიენტის მიერ წარმოთქმულ სიტყვას მსმენელებზე, მოსამართლეებზე და მსაჯულებზე, დამაჯერებელი შთაბეჭდილება მოეხდინა. ეს ე. წ. ეთოპოია („ხასიათის შექმნა“) განსაკუთრებით ემარჯვება ლისიას. ის უმზადებს კლიენტს სიტყვას, რომელიც სავსებით შეესაბამება კლიენტის გონებრივ განვითარებასა და მის სოციალურ მდგომარეობას.
საგანგებოდ აღსანიშნავია აგრეთვე ლისიას ერთი რიტორულ-მორალური ხერხი. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულ მხატვრულ ლიტერატურაში ავტორები არ ერიდებოდნენ უწმაწური და უხამსი შემთხვევების გადმოცემას, ლისია არასდროს არ სცილდება მაღალზნეობრივი გამოთქმების ფარგლებს და თვით მაშინაც, როდესაც მას შეეძლო ამით მოწინააღმდეგე განსაკუთრებულ სირცხვილში ჩაეგდო, ის არ აშიშვლებს ფაქტებს და ასეთი ფაქტის მითითების შემდეგ უმალვე წერტილს სვამს. მას, მაგალითად, რამდენჯერმე ჰქონდა ასეთი შემთხვევა სიტყვაში „ერატოსთენეს მოკვლის შესახებ“. კეთილშობილმა, დაბალი წარმოშობის მიწათმოქმედმა ევფილეტემ მოკლა ერატოსთენე, რომელმაც მის ცოლს თავბრუ დაასხა და შეაცდინა. ერთხელ ევფილეტემ ზედ წაასწრო მემრუშეებს და მოკლა ერატოსთენე (ცოლიც, ალბათ, სახლიდან გააგდო). ევფილეტე დაწვრილებით უამბობს მოსამართლეებს ყველა ფაქტს. ერატოსთენეს დონჟუანურ თავგადასავალს, მხევალი ქალების მიერ ხელის შეწყობას მისი უზნეო საქციელისათვის, ერატოსთენეს ყოფილ მეტრფე ქალების ჩივილს, თვით თავისი (ევფილეტეს) ცოლის საქციელს. მაგრამ არსად არ მიმართავს ის რაიმე უხამსი სცენების აღწერას, არც უწმაწურ გამოთქმებს კადრულობს.
ლისია მხატვრული სტილით გვაცნობს თავის სიტყვებში ათენის მაშინდელ პოლიტიკურ ცხოვრებას, კულტურულ ვითარებას, საზოგადოებრივი წრეების ურთიერთობასა და ყოფა-ცხოვრების დეტალებს. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა მისი „სიტყვა წინააღმდეგ ერატოსთენესი, ერთი ოცდაათთაგანისა, თქმული თვით ლისიას მიერ“. ამ სიტყვაში სრულის სიცხადით ნათელყოფილია „ოცდაათის“ დანაშაული დემოკრატიული სამშობლოს წინაშე.