ლიტერატურის პარტიულობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიტერატურის პარტიულობა – ლიტერატურის კლასობრივი ბუნების გამოვლენის ფორმა, ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული იდეურ-ესთეტიკური პოზიცია. იგი ლიტერატურის, ხელოვნების გარდუვალი ნიშანდობლივი თვისება ხდება მაშინ, როდესაც კლასთა გამძაფრებული პოლიტიკური ბრძოლა პარტიათა ბრძოლის სახეს იღებს.

ლიტერატურის პარტიულობის პრინციპი წამოაყენა ვ. ლენინმა 1905 წელს ცნობილ სტატიაში „პარტიული ორგანიზაცია და პარტიული ლიტერატურა". ამ სტატიაში, საკუთრივ „პარტიული ლიტერატურის პრინციპის“ განხორციელების აუცილებლობის ცხადყოფასთან ერთად, მოცემულია ხელოვნების კლასობრივი არსისა და პარტიულობის დასაბუთება, კ. მარქსისა და ფ. ენგელსის ლიტერატურულ-ესთეტიკურ შეხედულებათა შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების საფუძველზე. ვ. ი. ლენინი აქ „თავისუფალი ხელოვნების“ თეორიას უწოდებს ბურჟუაზიულ ფარისევლობას, ყალბ აზრს, მოგონილს ბურჟუაზიასთან დაკავშირებული ხელოვნების კლასობრივი არსის შესანიღბავად. „და ჩვენ, სოციალისტები, – წერს იგი, – ვამხელთ ამ ფარისევლობას, ვგლეჯთ ყალბ აბრებს, არა იმიტომ, რომ ხელში შეგვრჩეს არაკლასობრივი ლიტერატურა და ხელოვნება (ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ სოციალისტურ უკლასო საზოგადოებაში), არამედ იმიტომ, რომ ფარისევლურად თავისუფალ, ნამდვილად კი ბურჟუაზიასთან დაკავშირებულ ლიტერატურას დავუპირისპიროთ ნამდვილად თავისუფალი, პროლეტარიატთან აშკარად დაკავშირებული ლიტერატურა.

ეს იქნება თავისუფალი ლიტერატურა, თავისუფალი იმიტომ, რომ არა ანგარება და არა კარიერა, არამედ სოციალიზმის იდეა და მშრომელებისადმი თანაგრძნობა მიიზიდავს ახალ-ახალ ძალებს მის რიგებში. ეს იქნება თავისუფალი ლიტერატურა, იმიტომ, რომ იგი სამსახურს გაუწევს არა სალონების გულმოყირჭებულ „გმირ ქალს“, არა მოწყენილ და სიმსუქნის ქონით შეწუხებულ „ზედა ფენის ათეულ ათასებს“, არამედ მილიონობით და ათეულ მილიონობით მშრომელებს, რომელნიც ქვეყნის საუკეთესო ნაწილს. მის ძალას, მის მომავალს შეადგენენ“.

პარტიულობის პრინციპი საბჭოთა ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი კანონი, სოციალისტური რეალიზმის თავისებურების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, იდეური საფუძველია. შეგნებულ იდეურობას, ღრმა ხალხურობას, საბჭოთა ხალხის ინტერესებისა და იდეალებისადმი ერთგულებას, ერთი სიტყვით, კომუნისტურ იდეურობას. ამის გამო ლიტერატურის პარტიულობისა და ხალხურობის ცნებები არსებითად სავსებით ემთხვევა ურთიერთს: ის, რაც პარტიულია, ხალხურიცაა და, პირიქით, რაც ხალხურია – პარტიულიცაა.

ბურჟუაზიულ ხელოვნებაში კი საწინააღმდეგო გარემოებასთან გვაქვს საქმე: ბურჟუაზიული იდეური კრედო და ჭეშმარიტი ხალხურობა სავსებით გამორიცხავენ ურთიერთს.


შენიშვნა: სტატიაში ასახულია კომუნისტური იდეოლოგიის დამოკიდებულება მხატვრული ლიტერატურისადმი.

წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები