ლიტერატურული პორტრეტი
ლიტერატურული პორტრეტი
1. მხატვრულ-დოკუმენტური ნაწარმოების სახეობა, რომელშიც რომელიმე პიროვნებაა წარმოსახული. იგი უპირატესად მოცემულია მხატვრულ მემუარებსა და ბიოგრაფიაში.
2. მხატვრული ნაწარმოების მოქმედი პირის გარეგნობის წარმოსახვა, რაც ტიპის, საერთოდ ხასიათის, მხატვრული სახის შექმნის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს. მწერალი მას ყოველთვის პერსონაჟის არსის შესაბამისად ქმნის, ხატავს.
მაგ. ი. ჭავჭავაძე ლუარსაბ თათქარიძის გარეგნობას ასე აგვიწერს:
„თავადი ლუარსაბ თათქარიძე გახლდათ კარგად ჩასუქებული ძველი ქართველი, მრგვალი… როგორიც, კარგი ნასუქი კურატი. დარბაისელის კაცის შეხედულება ჰქონდა მის ბრწყინვალებასა: თავი ისეთი მსხვილი, რომ თითქო იმის სიმძიმეს მორგვივით სქელი კისერი მხრებში ჩაუძვრენიაო; წითელი, თურაშაულ ვაშლსავით ხაშხაშა ლოყები; სამკეცად ჩამოსული ტრფიალების აღმგზნები ფაფუკი ღაბაბი, დიდრონი თვალები, ყოველთვის დასისხლებულნი, თითქო ყელში თოკი წაუჭერიათო!…“
ამ სტრიქონებში აშკარად იხატება როგორც ლუარსაბის ხასიათი, ბუნება, ისე თვით მწერლის დამოკიდებულება მის მიმართ.
ზოგჯერ ლაპარაკობენ გმირის „შინაგანი პორტრეტის“ შესახებ, რაც გულისხმობს გმირის ხასიათის ძირითადი ნიშნების ერთობლიობას, მისი განცდების და იდეალების, მთელი სულიერი და გონებრივი სამყაროს განსახიერებას.
მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟთა პორტრეტი, უპირველეს ყოვლისა, ამ უკანასკნელთა წარმოსახვის ინდივიდუალიზებას გულისხმობს, საკუთრივ გარეგნული მონაცემების მეშვეობით.