ლორია პარმენ
პარმენ ლორია – (1896-1978), პროზაიკოსი და საზოგადო მოღვაწე, დაიბადა ქუთაისის მაზრის, სოფელ ქვაყუდეში. აქვე მიიღო დაწყებითი განათლება.
18 წლის ჭაბუკი, 1914 წელს, პირველ მსოფლიო ომში, მოქმედ არმიაში გაიწვიეს.იბრძოდა კავკასიის ფრონტზე თურქების წინააღმდეგ. 1921 წელს ჩამოვიდა ქალაქ ბათუმში.
პარმენ ლორია პირველი პროზაიკოსი იყო, რომელმაც ქართულ პროზაში დასაბამი მისცა აჭარის თემას.
1924- 1936 წლებში იგი ქმნიდა აგიტმხატვრულ ბრიგადებს და მოგზაურობდა აჭარის სოფლებში. დღიურები ასახულია წიგნში „კვალდაკვალ“.
პარმენ ლორია აქტიურად მოღვაწეობდა ჟურნალ-გაზეთებში. მისი რომანები დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში.
პარმენ ლორია 1932-1952 წლებში იყო საქართველოს მწერალთა ორგანიზაციის აჭარის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი. იგი ოცამდე რომანის, მრავალი მოთხრობის და ნოველის ავტორია. მათ შორის გამორჩეულია: „მევლუდი“ (1936), „ჩაი" (1938), „შეხვედრა“ (1943), „განთიადი ხევში“, „ტალღები“ (1953), „მაღაროებში“ (1954), „დაზგიდან დაზგამდე“ (1959), „შვილები“ (1960), „საიმედო მომავალი“ (1965), „სართიჭალელი ჭაბუკი“ (1968), „ჩემი პატარა ოჯახი“ (1976), „ერთი დიდი საუნჯე“ (1978), „კვალდაკვალი“ (1982) და სხვ.
პარმენ ლორიას პიესები („განთიადი ხევში“, „მევლუდი“, „ნაირა“, „დინარა“, „პირველი საჩუქარი“, „მეგობრობა“ და სხვა) ათეული წლების მანძილზე იდგმებოდა ბათუმის თეატრის სცენაზე.
„ქართულმა ფილმმა“ გადაიღო მწერლის რომანი „მევლუდი“
რუსულ ენაზე თარგმნილია მწერლის რომანები: „განთიადი ხევში“, „შვილები“ და „ჩაი“
წერდა იუმორისტულ მოთხრობებს და სკეტჩებს. თანამშრომლობდა ჟურნალ „ნიანგთან“
პარმენ ლორია გარდაიცვალა 1978 წლის 8 მარტს. დაკრძალულია ქალაქ ბათუმში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
მწერლის სახელი მინიჭებული აქვს ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ ქუჩას (იწყება აბუსერისძე ტბელის გამზირიდან და მთავრდება ალექსანდრე პუშკინის ქუჩასთან).
სახლზე (ბარათაშვილის ქ. №4), სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მწერალი, განთავსებულია მემორიალური დაფა წარწერით „ამ სახლში 1956-1978 წლებში ცხოვრობდა ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე პარმენ ლორია“