ლორის-მელიქოვი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვი – (21.10.1824-12.12.1888) სომეხი გრაფი, გენერალ-ადიუტანტი (13.08.1865), კავალერიის გენერალი (17.04.1875).

მიხეილ ლორის-მელიქოვი. დაიბადა ტფილისში, ტარიელ ზურაბის-ძე ლორის-მელიქოვისა და ეკატერინე ახვერდოვას ოჯახში. 1836 წელს მიხეილ ლორის-მელიქოვმა ჩააბარა გამოცდები მოსკოვში, ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში, მაგრამ 1841 წლიდან განაგრძო სწავლა გვარდიულ პოდპრაპორშიკთა და კავალერიის იუნკერთა სკოლაში სანქტ-პეტერბურგში. სწავლისას დაუახლოვდა პოეტ ნიკოლოზ ნეკრასოვს (1821-1877), მაშინ ჯერ ნაკლებად ცნობილს და რამოდენიმე თვე ცხოვრობდა მის ბინაში.

1843 წლის 2 აგვისტოს გამოშვებულ იქნა გროდნოს ლაიბ-გვარდიის ჰუსართა პოლკში, სადაც იმსახურა 1847 წლამდე. 1847 წელს პირადი პატაკის საფუძველზე გადმოყვანილ იქნა კავკასიაში და დაინიშნა კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდალ, გრაფ მიხეილ ვორონცოვთან, საგანგებო დავალებათა ოფიცრად. იმავე წელს მიიღო მონაწილეობა ჩეჩნეთის ლაშქრობაში კავკასიელ მთიელთა წინააღმდეგ. 1848 წელს იღებდა მონაწილეობას თავად მოსე არღუტინსკი-დოლგორუკოვის რაზმის შემადგენლობაში, რომელიც მოქმედებდა დაღესტანში. იმყოფებოდა აულ გერგებილის აღებისას.

1851 წელს მონაწილეობდა ზამთრის დიდ ექსპედიციაში კავკასიის ხაზის მარცხენა ფლანგზე (დიდ ჩეჩნეთში), ცნობილ ხაჯი-მურადის წინააღმდეგ, ხოლო იმავე წლის გაზაფხულიდან იმყოფებოდა ამავე ხაზის მარჯვენა ფლანგზე, მდინარე ბელაიაზე სიმაგრეების აღმართვისას და, მაგომედ ემინის ძალების უკუგდებისას. მისი ცხოვრების ეს ეპიზოდი ნაჩვენებია რუს მწერალ ლევ ტოლსტოის მიერ მოთხრობაში - ,,ჰაჯი-მურადი,,. მაგრამ მალევე დაწყებულმა 1853-1856 წლების ყირიმის (აღმოსავლეთის) ომმა ოსმალეთთან გამოიწვია მთიელთა მხრიდან რუსეთისადმი მძლავრი სიძულვილი და, ისინი თავს ესხმოდნენ მთელ კავკასიის ხაზს. ამ შემოსევების წინააღმდეგ კურისკის გამაგრებასთან იყო შეკრებილი განსაკუთრებული რაზმი თავად ბარიატინსკის მეთაურობით, რომელშიც იმყოფებოდა ლორის-მელიქოვიც. რაზმი დაიძრა მდინარე მეჩიკისკენ და აულ ისტისუსკენ. ლორის-მელიქოვი არაერთხელ დაწინაურდა მთიელებთან შეტაკებაში, რომლებიც ძლიერ ავიწროებდნენ რუსულ რაზმს.

1852 წელს, 28 წლის ასაკში მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

ამის შემდეგ ის გადავიდა იმ ჯარების შემადგენლობაში, რომლებიც მოქმედებდნენ თურქების წინააღმდეგ ოსმალეთთან, კავკასიის საზღვარზე და დაწინაურდა ორ ცნობილ ბრძოლაში — ბაი-ანდურთან და ბაშ-ყადიყლართან, რომლებშიც ოსმალეთის ჯარებს აბდი-ფაშას მეთაურობით, აგემეს სრული განადგურება.

1854 წელს მას დაევალა მონადირეთა, ცალკეული რაზმის ფორმირება, რომელიც შედგებოდა ქართველებისგან, სომხებისგან, ქურთებისგან და კავკასიის სხვა ხალხებისგან (აქ, როგორც ყოველთვის, ლორის-მელიქოვს ეხმარებოდა რამოდენიმე აღმოსავლური ენის ცოდნა). შემდეგ, ლორის-მელიქოვი უტევდა ოსმალეთის კავალერიას და 1855 წლის 13 აპრილს მიაყენა მას დიდი ზარალი. შემდეგ მონაწილეობდა ბრძოლაში ქურუქ-დარასთან.

1855 წლის აგვისტოში მ. ლორის-მელიქოვი დაინიშნა ახალ მთავარსარდალ, გრაფ ნ. მურავიოვთან დავალებათა ოფიცრად. განაგრძობდა რა მონადირეთა, მეთაურობას, ლორის-მელიქოვი ამოწმებდა გზებს, რომლებიც უკავშირდებოდა ყარსის ციხეს და უთვალთვალებდა მოწინააღმდეგეს ამ უძლიერესი ციხის გარემოცვისას. ყარსის ციხის აღებისას, 1855 წლის ნოემბერში იგი დაინიშნა ყარსის ოლქის უფროსად და 9-თვიანი მმართველობის პერიოდში მოიხვეჭა ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობა თავისი კეთილგონივრული მმართველობით. პარიზის ზავის შემდეგ ყარსის სიმაგრე დაუბრუნეს თურქებს.

1856 წელს 32 წლის ასაკში მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.

1858 წელს დაინიშნა ჯარების უფროსად აფხაზეთში და ქუთაისის საგენერალგუბერნატოროს სახაზო ბატალიონების ინსპექტორად. ამავე პერიოდში მისი განკარგულებით ჩაეყარა საფუძველი წებელდას სიმაგრეს, მთიელთა შემოსევებისგან დასაცავად და მთიელთა კონტრაბანდული ვაჭრობის აღმოფხვრისაგან, რომელთა მეშვეობით მთიელები ძირითადად იძენდნენ ცეცხლსასროლ იარაღს, დენთს და სხვა საჭირო სამხედრო მარაგებს.

1859 წელს მიავლინეს ოსმალეთში, თერგის ოლქიდან ოსმალეთის აზიურ ნაწილში მთიელთა გადასახლების საკითხების მოსაგვარებლად და ოსმალეთის მთავრობასთან მოლაპარაკებების საწარმოებლად.

1860 წლის 18 აგვისტოდან ასრულებდა დერიბენდის გუბერ- ნიის მმართველის და სამხედრო გუბერნატორის თანამდებობებს. დიდი რუდუნებით დაკავდა მთიელებში ახალი წესების დანერგვით.

1863 წლის მარტში დაინიშნა თერგის ოლქის უფროსად, თერგის კაზაკთა ჯარის ატამანად და თერგის ოლქში განლაგებული ჯარების სარდლად.

1863 წლის 5 მაისს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება.

1863 წლის 19 აგვისტოს დაინიშნა დერიბენდის მთვარმართებლად და ჩრდილოეთ დაღესტნის სამხედრო უფროსად.

1875 წლამდე ასრულებდა რა თერგის ოლქის უფროსის თანამდებობას, იღვწოდა ოლქის მთიელ მოსახლეობაში დაემყარებინა სათანადო წესრიგი. კავკასიის ომი მართალია დამთავრადა 1864 წელს, მაგრამ მთიელები დრო და დრო განაგრძობდნენ ხელისუფლებისადმი ღია წინააღმდეგობას.

1870 წელს დაინიშნა თერგის ოლქის გუბერნატორად.

1873 წლიდან იყო კავკასიის საპყრობილეთა მზრუნველთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე.

1875 წელს დაძაბულმა მუშაობამ შეარყია ლორის-მელიქოვის ჯანმრთელობა და მან ითხოვა შვებულება, რათა წასულიყო საზღვარგარეთ სამკურნალოდ. მეფის ნაცვალმა, დიდმა მთავარმა მიხეილ ნიკოლოზის ძემ დააკმაყოფილა მისი თხოვნა 1875 წლის 15 მაისს, კავკასიის სამხედრო ოლქისადმი გაცემული განსაკუთრებული ბრძანებით:

„დიდი წუხილით მოვისმინე ლორის-მელიქოვის თხოვნა და განსაკუთრებული საჭიროებისათვის ვაკმაყოფილებ მას“.

ამასთან ერთად ლორის-მელიქოვი იმავე წელს ჩაირიცხა თერგის კაზაკთა ჯარში და დაინიშნა მეფისნაცვალთან, დიდ მთავარ მიხეილ ნიკოლოზის-ძესთან.

თურქეთთან ომის მზადებამ განსაზღვრა მცირე აზიაში თურქების წინააღმდეგ მოქმედებისათვის ჯარების ცალკეული კორპუსის ფორმირება. ამ კორპუსის სარდლობა დაეკისრა მ. ლორის-მელიქოვს.

1877 წლის 12 აპრილს ის შევიდა ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში 4 კოლონით და 5-6 მაისს შტურმით დაეუფლა არდაგანს. ამის შემდეგ ის მალევე მიადგა ყარსს, რომელიც უკეთ და ძლიერ იყო გამაგრებული, ვიდრე 1853-1856 წლების ომში და გააგზავნა გენერალი ატერ-გუკასოვი რაზმით არზრუმში.

ამ დროს ოსმალეთის ჯარები მუხთარ-ფაშას სარდლობით მიადგნენ სოღანლუღის უღელტეხილს, სოფელ ზივინთან (გზად ყარსიდან არზრუმამდე). ბრძოლა რუსებისთვის კარგად დაიწყო, მაგრამ თურქებმა მალევე მიიღეს ძალების დიდი შევსება და, რუსებმა, რომლებსაც გზად შეხვდათ დიდი ხევი, მიიღეს საგრძნობი ზარალი და იძულებულნი იყვნენ უკან დაეხიათ ზივინიდან. მუხთარ-ფაშამ კი დააყენა თავისი ძალების ნაწილი ალაჯის მაღლობებზე და ყარადაღის მთებზე.

1877 წლის 28 ივნისს ღამით, მ. ლორის-მელიქოვმა მიიღო დამხმარე ძალები, შემოუარა ყარსის ციხეს და 20-22 სექტემბერს შეუტია მოწინაღმდეგეს ერთდროულად ფრონტიდან და ზურგიდან ალაჯას მაღლობებზე და მიაყენა მას სრული განადგურება. ჩაიგდო ტყვედ 7 ათასამდე მეტი თურქი ჯარისკაცი და ოფიცერი. შემდგომში მუხთარ-ფაშას და იზმაილ-ფაშას გაერთიანებული ძალები ისევ იქნა განადგურებული ლორის-მელიქოვის მიერ 2 და 3 ოქტომბერს ავლიარ-ალაჯას ბრძოლაში და 23 ოქტომბერს დევე-ბოინუს ბრძოლაში.

ზემოთ ხსენებული ბრძოლების შემდეგ მ. ლორის-მელიქოვი დაუბრუნდა ყარსის ციხესიმაგრეს, რომელიც ითვლებოდა აუღებელად. მიუახლოვდა რა ყარსის ციხეს, მან ელვის სისწრაფით 6 ნოემბრის ღამეს შეუტია და დაეუფლა ყარსს, ამასთან ერთად ტყვედ ჩაიგდო 17 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი და 303 ზარბაზანი. ამით მან ფაქტიურად დაამთავრა სამხედრო მოქმედებები კავკასიის სამხედრო მოქმედებათა თეატრზე.

დაეუფლა რა ყარსის ციხეს, იმავე წლის ზამთარში მ. ლორის-მელიქოვმა დაიწყო ერზრუმის ციხესიმაგრის ბლოკადა. ადგილობრივი მოსახლეობის და იარაღის მომწოდებლების მისდამი კეთილგანწყობის მადლით, აწარმოებდა საომარ მოქმედებებს მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე საკრედიტო თანხებით და მათთან ფულის თვლას რუსულ რუბლებში, რითაც სახელმწიფო ხაზინას შეუქმნა დანაზოგი რამოდენიმე ათეული მილიონის სახით.

ყარსის ციხის ერთ-ერთ ფორტს -,,ჩახმახს,, ეწოდა მის საპატივსაცემად - ,,ლორის-მელიქოვის ფორტი,,.

ოსმალეთთან ზავის შემდეგ ლორის-მელიქოვს მთელი თავისი შთამომავლობითურთ ებოძა რუსეთის იმპერიის გრაფის ტიტული სათანდო სიგელით: ,,განსაკუთრებული დამსახურებისათვის და ბრწყინვალე მოქმედებებისათვის მთელი ომის მანძილზე” (1878 წლის 16 აპრილს), ამავდროულად ის დაინიშნა კავკასიის არმიის მთავარსარდლის, დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძის განკარგულებაში.

1879 წელს ლორის-მელიქოვი დაინიშნა ასტრახანის, სარატოვის და სამარის გენერალ-გუბერნატორად განუსაზღვრელი უფლებამოსილებებით. აქტიურად ატარებდა ზემო ხსენებულ გუბერნიებში შავი ჭირის გავრცელების აღმოფხვრისათვის წარმოებულ ღონისძიებებს.

მისი დაბრუნება სანქტ-პეტერბურგში დაემთხვა დროებითი განსაკუთრებული საგენერალ გუბერნატოროების შექმნას (ევროპული რუსეთი იქნა დაყოფილი 6 საგენერალ გუბერნატოროდ), ლამის განუსაზღვრელი უფლებამოსილებებით, რათა აღმოეფხვრათ სახელმწიფო კრამოლა (ტერორიზმი), რომელიც იჩენდა თავს იმპერიაში, რიგ სისხლის სამართლის მოქმედებებით.

1879 წლის 7 აპრილს დაინიშნა ხარკოვის გუბერნიის გენერალ-გუბერნატორად, სადაც მანამდე იქნა მოკლული მისი წინამორბედი გუბერნატორი, თავადი კროპოტკინი. იმავე წლის 17 აპრილს დაინიშნა ხარკოვის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლად. ასრულებდა რა ხარკოვის. გენერალ-გუბერნატორის თანამდებობას, ლორის-მელიქოვმა დაიმსახურა ხარკოველების პატივისცემა და სიყვარული ისე, რომ არც კი მოუწია რეპრესიული მოქმედებების გატარება გუბერნიაში. მოსახლეობის მისდამი ასეთი მოპყრობის გათვალისწინებით, ხალხოსნებმა არ შეიტანეს მისი გვარი იმ გენერალ-გუბერნატორების სიაში, რომლებსაც გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი.

1880 წლის 5 თებერვალს, ზამთრის სასახლეში განხორციელებული აფეთქების შემდეგ, ლორის-მელიქოვი იქნა გამოძახებული სანქტ-პეტერბურგში რევოლუციურ მოძრაობასთან ბრძოლის წარმოების ღონისძიებების საკითხებზე.

1880 წლის 11 თებერვალს დაინიშნა სახელმწიფო საბჭოს წევრად.

1880 წლის 14 თებერვალს დაინიშნა მთავარი განმკარგველი კომისიის მთავარ უფროსად, რომელსაც მიეცა უდიდესი უფლებამოსილებები, ხოლო იმავე წლის 3 მარტს დაინიშნა იმპერატორ ალექსანდრე II კანცელარიის III განყოფილების დროებით უფროსად.

1880 წლის 20 თებერვალს მასზე განახორციელა თავდასხმა ვინმე მოლოდეცკიმ, მაგრამ მიუხედავად ამისა ლორის-მელიქოვი განაგრძობდა სასტიკ ბრძოლას რევოლუციურ მოძრაობასთან.

1880 წლის ზაფხულის ბოლოს მან აღძრა საკითხი უმაღლესი განმკარგველი კომისიის მიერ თავისი მოღვაწეობის შეწყვეტის შესახებ და იმავე წლის 6 აგვისტოს კომისიამ შეწყვიტა თავისი საქმიანობა.

1880 წლის 6 აგვისტოს ლორის-მელიქოვი დაინიშნა რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრად.

1880 წლის 5 დეკემბერს არჩეულ იქნა სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად.

1881 წლის იანვარში წარუდგინა იმპერატორ ალექსანდრე II სახელმწიფო მოწყობაში შესატანი ცვლილებების პროგრამა, (ე.წ. ,,ლორის-მელიქოვის კონსტიტუცია“), რომელიც იქნა დადებითად შეფასებული იმპერატორის მიერ და ჰპოვა მოწონება ლიბერალურ წრეებში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი 6-თვიანი ხელმძღვანელობისას ჩაატარა რუსეთში 32 პოლიტიკური სასამართლო პროცესი და გამოიტანა 18 სასიკვდილო განაჩენი. მისი მინისტრობის დროს, 1881 წლის 1 მარტს სანქტ-პეტერბურგში თავს დაესხნენ იმპერატორ ალექსანდრე II, რის შედეგადაც ის სასიკვდილო ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით, ლორის-მელიქოვმა ითხოვა გადადგომა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან. მიზეზად იქნა დასახელებული მორყეული ჯანმრთელობა. მისი თხოვნა მიღებული იქნა 4 მაისს. ის დათხოვნილი იქნა წელიწადში 26 ათასი რუბლის პენსიის ოდენობით. ლორის-მელიქოვი გაემგზავრა საზღვარგარეთ და ძირითადად ცხოვრობდა ქ. ნიცაში (საფრანგეთი).

1882 წლის 1 ნოემბერს დაინიშნა თერგის კაზაკთა ჯარის სუნჟა-ვლადიკავკაზის 1-ი პოლკის შეფად.

1882 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის ტრანზიტის შესახებ საკითხთა გადაწყვეტის განსაკუთრებული სათათბიროს წევრად.

1883 წლის 29 მაისს გაშვებულ იქნა უვადო შვებულებაში, სახელმწიფო საბჭოს წევრად დარჩენის უფლებით.

ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. ავტორია რამოდენიმე ისტორიული ნაშრომისა.

მ. ლორის-მელიქოვი იყო ბრწყინვალე მხედართმთავარი და ტაქტიკური ადგილობრივი ადმინისტრატორი. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სახალხო განათლების განვითარებას. სასწავლო დაწესებულებებმა მის დროს მიაღწია რამოდენიმე ათეულიდან 300-მდე.

მის ნეკროლოგში ნათქვამი იყო:

,,არც დღევანდელი და არც მომავალი თაობები არ დაივიწყებენ იმ დამსახურებას, რომელიც მან დაიმსახურა, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ასპარეზზე,, გარდაიცვალა ქ.ნიცაში. მისი ცხედარი ჩამოასვენეს ტფილისში 1889 წლის 15 იანვარს, სადაც დაკრძალეს 8 თებერვალს, ვანქის სომხური ტაძრის საგვარეულო აკლდამაში (ახლ. ათონელის ქ. 1936 წელს ტაძრის დემონტაჟთან დაკავშირებით, მისი ცხედარი და საფლავის ქვა გადაასვენეს სურბ გევორქის სომხური ეკლესიის ეზოში. მისი საფლავი დაცულია სახელმწიფოს მიერ.).

მ. ლორის-მელიქოვის საპატივსაცემოდ ტფილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი (დღევანდელი გუდიაშვილის ქუჩა), რუსეთის რამოდენიმე დასახლებულ ადგილს და ერთ-ერთ სოფელს ომსკის გუბერნიაში.

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისთვის დაჯილდოებული იყო ოქროს ხმლით (მამაცობისათვის -1847 და 1854 წწ.); წმ.გიორგის III (1877 წლის 14 მაისს) და II ხარ.(1877 წლის 3 ოქტომბერს) ორდენებით; და რუსეთის ორდენებით:
წმ.ანდრია პირველწოდებულის ორდ.(1880);
წმ.ალექსანდრე ნეველის ორდ.(1869); ალმას.ნიშნები (1871); თეთრი არწივის ორდ.(1865);
წმ.ანას IV (მამაცობითვის 1838), III (მახვილებით და ბაფთით-1839), II (მახვილებით-1841 ), II (იმპ.გვირგვ.-1852) და I ხარ. (1860);
წმ.ვლადიმერის IV (ბაფთით-1854), III (მახვილებით და ბაფ- თით-1855), II (მახვილებით-1861) და I ხარ. (მახვილებით-1877);
წმ. სტანისლავის I ხარ.(1859);

მიღებული ჰქონდა საზღვარგარეთის ორდენები:

„სამხედრო დამსახურებისათვის“ II ხარ. (მეკლენბურგ-შვერინი-1878) და „დამსახურებისათვის“ (პრუსია-1878).

ცნობილია მხატვარ ი. აივაზოვსკის (1817-1900) მიერ 1888 წელს დახატული მისი პორტრეტი.


წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები