მაგალოვი ნიკიტა
ნიკიტა მაგალოვი − (8 თბერვალი 1912, პეტერბურგი – 26 დეკემბერი 1992, ვევე, შვეიცარია), შვეიცარიელი (რუსი) პიანისტი, პედაგოგი და კომპოზიტორი.
დაიბადა თავად დიმიტრი მაღალაშვილის ოჯახში. ნიჭიერ ბავშვს პირველმა ყურადღება მიაქცია ცნობილმა პიანისტმა ა. ზილოტიმ, რომელმაც მას რამდენიმე გაკვეთილი ჩაუტარა. დიდი გავლენა მოახდინა მაგალოვზე ს. პროკოფიევმა, რომელიც მის მშობლებთან მეგობრობდა. 1918 მაგალოვის ოჯახი 4 წლით დასახლდა ფინეთში, ხოლო შემდეგ პარიზში დამკვიდრდა. აქ მაგალოვი შევიდა კონსერვატორიაში, რომელიც I პრემიით დაამთავრა 1929 წელს ცნობილი პედაგოგის ისიდორ ფილიპის ხელმძღანელობით და დაიმსახურა მ. რაველის მაღალი შეფასება: „მაგალოვის სახით დაიბადა განსაკუთრებით ნიჭიერი, გამოჩენილი პიანისტიო“. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მაგალოვისთვის ურთიერთობას 30-იანი წლების დასაწყისში პარიზში ს. პროკოფიევთან, რომელმაც კომპოზიციის გაკვეთილები ჩაუტარა მას. არტისტული კარიერა მაგალოვმა დაიწყო გამოჩენილ უნგრელ მევიოლინე ი. სიგეტისთან ერთად ანსამბლში გამოსვლებით. 1937-იდან მაგალოვი იწყებს ფართო საკონცერტო მოღვაწეობას ევროპულ ქვეყნებში, ხოლო ომის შემდგომ წლებში მისი სახელი მსოფლიოში გახდა ცნობილი. 1947-1950 ცხოვრობდა აშშ-ში, ხოლო შემდეგ დასახლდა შვეიცარიაში – ქ. ჟენევაში (1956 მიიღო შვეიცარიის მოქალაქეობა) და სათავეში ჩაუდგა ჟენევის კონსერვატორის საფორტეპიანო კლასს, სადაც შეცვალა გამოჩენილი პიანისტი დინუ ლი პატი. პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა 1949-1959, რის შემდეგ მთლიანად საკონცერტო მოღვაწეობაზე გადაერთო. ბევრს მოგზაურობდა, მართავდა კონცერტებს. 2-ჯერ იყო სსრკ-ში 1965 და 1967-ში. თბილისში გამართა სოლო და სიმფონიური კონცერტები 1967 მაისში.
მაგალოვის დაკვრა დახვეწილი არტისტიზმით გამოირჩეოდა, მისი რეპერტუარი ვრცელი და მრვალფეროვანი იყო. ითვლებოდა შოპენის ნაწარმოებების შესანიშნავ შემსრულებლად. ასევე წარმატებით ასრულებდა მოცარტის, ბეთჰოვენის, ლისტის, სკარლატის, სტრავინსკისა და სხვათა ნაწარმოებებს. მაგალოვს ეკუთვნის რამდენიმე ნაწარმოები: საფორტეპიანო (1934) და სავიოლინო (1936) სონატები, საფორტეპიანო ტოკატა (1936), საფორტეპიანო პიესები, რომანსები. მაგალოვის მოწაფეები არიან ცნობილი პიანისტები – მ. არგერიხი და მ. უტიდა.
გ. ტორაძე