მაგნიტური დეფექტოსკოპია
მაგნიტური დეფექტოსკოპია – დეფექტოსკოპიის მეთოდების კომპლექსი, დაფუძნებული ფერომაგნიტური მასალის ნაკეთობის (ძირითადად ფოლადის კონსტრუქციების) ირგვლივ მაგნიტური ველის გამოკვლევაზე. დეფექტების ზონებში (ბზარები, არამაგნიტური ჩანართები განლაგებული ზედაპირიდან მცირე სიღრმეზე) ხდება მაგნიტური ველის გაბნევის პარამეტრების მკვეთრი ცვლილება, დამოკიდებული დეფექტის ზომებზე, ფორმაზე, განთავსების სიღრმეზე, ორიენტაციაზე და რომლის აღმოჩენა ხორციელდება სხვადასხვა ინდიკატორით: ბზარის კიდეებზე დალექილი მაგნიტური ფხვნილით (მაგნიტურ-ფხვნილური მეთოდი), შეღებილი ფხვნილით, რომელიც რეაგირებს ულტრაიისფერ სხივებზე (მაგნიტურ-ლუმინესცენციური მეთოდი – მუქი ზედაპირის მქონე ნაკეთობებისათვის), სპეციალური მაგნიტომგრძნობიარე ელემენტით – ფეროზონდით, რომელიც აღრიცხავს სუსტ მაგნიტურ ველს ან მის გრადიენტს (ფეროზონდური მეთოდი), აგრეთვე მაგნიტური ლენტით, რომელიც ეკვრება საკონტროლო ნაკეთობის ზედაპირს და მაგნიტდება სხვადასხვა ხარისხით საღ და დეფექტურ ზონებში (მაგნიტოგრაფიკული მეთოდი). მაგნიტური დეფექტოსკოპიის ჩასატარებლად გამოიყენება მაღალი ძაბვის მაგნიტური დეფექტოსკოპი, რომელსაც აქვს მოწყობილობა საკონტროლო ნიმუშის განმაგნიტებისა.