მადრიდის კონვენცია 1880
მადრიდის კონვენცია 1880 – ხელმოწერილ იქნა 14 სახელმწიფოს, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ესპანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენელთა მიერ კონფერენციაზე (1-3 ივლისი), რომელიც ეძღვნებოდა მაროკოს საკითხს და მოწვეული იყო ესპანეთის ინიციატივით.
1881 კონვენციას მიუერთდა რუსეთი. კონვენციამ გააფართოვა და დაადასტურა მაროკოს კაპიტულაციის რეჟიმი. უცხოელებს, რომლებიც მაროკოში უკვე სარგებლობდნენ ექსტერიტორიულობის პრინციპით, კონვენციით მიენიჭა დამატებითი უფლებები, კერძოდ უფლება, „მფარველობის ქვეშ“ ჰყოლოდათ ის მაროკოელები, რომლებიც მათ ემსახურებოდნენ. მათზე გავრცელდებოდა იგივე პრივილეგიები, რომლებითაც სარგებლობდნენ უცხოელები. აღნიშნული კარგ საფუძველს აძლევდა ევროპელებს აგენტურის გაფართოებისათვის. კონვენციის მხარეები შეთანხმდნენ, რომ არც ერთი სახელმწიფოს ქვეშევრდომს მაროკოში არ ექნებოდა უპირატესობა მეორე ქვეყნის ქვეშევრდომთან შედარებით. კონვენციის დადებით, მაროკოს საბოლოო განაწილების პრობლემა არ მოგვარებულა. მან ძალა დაკარგა 1904 მაროკოს გაყოფის შესახებ კონვენციის დადების შემდეგ.