მალაზონია ნესტორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნესტორ მალაზონია

მალაზონია ნესტორ — (1892 – 1984), დაიბადა სოფელ მამათში (ოზურგეთი). 1908- 1911 წლებში იყო სოფელ ძიმითში სასოფლო სამმართველოს კურიერი; 1919 წლიდან დაიწყო მასწავლებლობა ჯერ სოფელ აცანაში, შემდეგ მამათში; 1925 წლიდან მუშაობდა ბათუმში, ინდუსტრიულ ტექნიკუმში აღმზრდელ-მასწავლებლად, შემდეგი წლიდან − განათლების მუშაკთა კავშირის საოლქო გამგეობის პასუხისმგებელ მდივნად; 1941-1951 წლებში იყო გაზეთ „საბჭოთა აჭარის” სტილისტ-მთარგმნელი, 1951 წლიდან — გამომცემლობა სახელგამის რედაქტორი; 1926 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი. ავტორია წიგნებისა: „პატაკი ოქტომბერს”, „გულიზარი”, „გულის ხმა” (ლექსების კრებული), „ჩვენი ყვავილები”, „თაგვი”, „დაბადებულან გმირები” (ლექსების კრებული), „რჩეული” (ლექსების კრებული), „ჩვენი ყვავილები” (საბავშვო ლექსები).


პაწაწინა ლუიზა
საწერ-კალამს წავეტანე,
მამამ მითხრა: − ნუ იზამ!
ხელში უთო დავიკავე,
დედამ მითხრა: − ნუ იზამ!
მუთაქები გადმოვყარე,
დეიდამ თქვა: − ნუ იზამ!
აბა, რა ქნას, თქვენ მითხარით,
პაწაწინა ლუიზამ?
რა ვაკეთო მუდამ სახლში,
ჯერ არც ისე დიდი ვარ:
ვერც სკოლაში, ვერც კინოში
და ვერც ბაღში მივდივარ.
რვეული მაქვს სახატავი,
ვხატე, ვხატე ვარიკა,
მაგრამ ფეხი და ვერც თავი
ვერ მოვაბი, არ იქნა.
წიგნიც კი მაქვს, რაა მერე,
მე ხომ კითხვა არ ვიცი,
და რომ მკითხონ − შიგ რას წერენ,
ხომ სირცხვილით დავიწვი!
ადვილია თქმა და დაშლა:
„ნუ იზამ“ და „ნუ იზამ“,
მაგრამ რა ქნას, თქვენ მითხარით,
პაწაწინა ლუიზამ?

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები