მანანა (პოეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანანა — XVIII საუკუნის ქართველი პოეტი ქალი, მეფე ერეკლე მეორის (1720-1798) თანამედროვე. დაიბადა სოფელ ძევერაში, გორის მახლობლად. ჩვენამდე მოღწეულია მისი რამდენიმე ლექსი, რომლებიც ხანდაზმულობაში შეუთხზავს. მანანას პოეზიას ახასიათებს რელიგიური-მისტიკური განწყობილება, ორიგინალური თემატიკის ძიება, სკეპტიციზმი. ლექსი „შაირნი“ ეძღვნება ერეკლე II-ის სამხედრო ძლიერებასა და პიროვნულ სიდიადეს. ხალხურ პოეზიაში ვარიანტების სახით გავრცელდა მანანას გაბაასების ჟანრის ნაწარმოები „მანანასაგან ციების ბაასი“, სადაც სილაღითა და ღიმილით გადმოცემულია ავადმყოფის ბრძოლა სნეულების წინააღმდეგ. მისი ლექსები გამართულია რუსთველური 16-მარცვლიანი შაირით.


მანანას თქმულნი შაირნი
(ფრაგმენტები)
ევა გარდახდა მცნებასა,
ჭამა ურჩების ხილია,
წაიღო, ადამს მიართო:
ნახე, როგორი ტკბილია!
ადამის მონათესავეთ,
ჩვენ გვყვა სიკვდილის შვილია,
ღმერთო, მათებრი წყალობა
ჩემზედაც მოიხილია!
იესო, ყოვლად მოწყალევ,
ჯვარცმულო ძე ღვთისაო,
განრღვეულობის მკურნალო,
აღმდგინებელო მკვდრისაო,
ჯოჯოხეთისგან დამხსნელო
მრავავალთა სულებისაო,
ღირსმყავ მარჯვენით დადგომად,
მსაჯულო სამართლისაო.
ჩვენის ხსნისათვის რავდენი
სასჯელი მოითმინეო,
მართას და მარიამისა
რომ ცრემლნი შეიწირეო,
ოთხი დღის მკვდარი ლაზარე
საფლავით აღადგინეო,
ცოდვილი დედაკაცი ვარ,
ჩემიც რამ შეისმინეო!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები