მანგური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანგური − თეთრი (სვანურად: თვეთნე) მანგური მდიდარი და დავლათიანი კაცი იყო სვანეთში: სანიავებელი სოფელ წვირმში ჰქონდა, პურის საშრობები – იფარში, კალოები – კალაში, სახნავ-სათესი – ლახამულაში, სათიბები – შხარაზე. მისი ყანების დასაფარცხავად დევები შრომობდნენ, სამკალში დალები ეხმარებოდნენ... კიდობნებად ვეებერთელა ქვაბები ედგა, მარანი სავსე ჰქონდა ქვევრებით, ქვევრები იმერეთის ღვინით იყო სავსე...

ერთხელ თეთრი მანგური ჯიხვზე სანადიროდ წავიდა, დაუღამდა და გამოქვაბულში შევიდა ღამის გასათევად, ცეცხლი გააჩაღა და ჯიხვის მწვადი შეწვა. ამ დროს ესტუმრა დედოფალი დალი. იწყინა დალმა, რატომ შემოხვედი ჩემს გამოქვაბულშიო? დამიღამდაო, სხვა რა უნდა ეთქვა მანგურს. კარგიო, უთქვამს დალს, ცუდად დაგაბრუნებდი, რომ ამისთანა ვაჟკაცი არ მენანებოდეო. აბა, როგორ იქნება ჩემი საქმე? ეკითხება თეთრი მანგური. მაშინ ეუბნება დალი: ისე არ გაგიშვებ, თუ საყვარლად არ გამირიგდებიო. მანგური გაურიგდება, მაგრამ ცოლ-შვილი რომ ჰყავს? არაფერი დაუშავდებათო ცოლ-შვილს? არაო, პასუხობს დედოფალი დალი, ოღონდ, არსად არავისთან გაამხილო ჩვენი ამბავი, შენც კარგად იქნები და შენი ცოლ-შვილიცო. როცა ძალიან გაგიჭირდეს, ჩემი სახელი ახსენე და მყისვე შენს გვერდით გავჩნდებიო. ჯიხვსა და არჩვსაც არ მოგაკლებო. იმ ღამეს ერთად დაწვნენ გამოქვაბულში დედოფალი დალი და თეთრი მანგური. მეორე დილით მანგური შინ გაეშურა. გზად მიმავალს მოულოდნელად შემოესიენ სავები, დაატრიალეს ხანჯლები, დაუწყეს ცემა-ჩეხვა. მანგურმაც იშიშვლა ხანჯალი და რვა-ცხრა სიცოცხლეს გამოასალმა, მასაც რვა-ცხრა დაჰკრეს და, ის იყო, კლავდნენ კიდეც, რომ მუხლი მოიყარა მანგურმა და შეევედრა დალს: აბა, დედოფალო, სად მყავხარ, სავები მკლავენო. ეს თქვა თუ არა, ჭიუხებიდან გამოფრინდა დალი, მანგურის საყვარელი, და იფნის შტოთი დაერია სავებს, ერთი არ დატოვა ცოცხალი, რომ ამბავი მიეტანა სავებში. მერე მანგურს ერთი ფრთა მოუსვა და ცხრავე ჭრილობა მოურჩინა, და მრთელი გაუშვა სახლში.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები