მანდარინები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Cybridization in Citrus unshiu Marc. (Satsuma Mandarin)

მანდარინი – (C. Unshiu Marc.) „უნშიუს“ საკმაოდ დიდი ისტორია აქვს: წინათ მანდარინების ჯგუფი გაერთიანებული იყო C. nobilisსახელწოდებით, მეცნიერმა სვინგლემ მანდარინებიდან გამოყო ქვესახეობა C. nobilis var. Unshiu და C. mobilis var. deliciosa ანუ იტალიური მანდარინი, ხოლო სახელწოდება nobilis დაუტოვა მანდარინ კინგს (კუნენბო). იაპონიაში მანდარინების შესწავლის შედეგად დადასტურდა ამ ჯგუფის მრავალფეროვნება. ის მეტად ჭრელი აღმოჩნდა და დღეს 20-ზე მეტ სხვადასხვა ფორმას შეიცავს, რომელთა შორის უნთავრესია: „უნშიუ“, „იატსუშირი“, „პოონენზის“, „იტალიური“, „ტანჟერინი“, „კონოკუნი“, „ტაჩიბანა“, „ლეიოკარპა“, „დეპრესა“ და სხვა.

მანდარინის კულტურას ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მანდარინი „უნშიუ“ ფართობის მიხედვით ჩვენი სუბტროპიკების ერთ-ერთ ძირითად ციტრუსოვან სახეობად ითვლება. სამრეწველოდ გავრცელებულ ციტრუსებში მანდარინი „უნშიუ“ ითვლება ყველაზე მეტ ყინვაგამძლედ და მისი კულტურა გვხვდება ციტრუსების გავრცელების ჩრდილო რაიონშები.

უკანასკნელი გამოკვლევები ცხადჰყოფენ ამ ჯგუფის მრავალფეროვნებას. მისი მრავალფეროვნება შემჩნეული იყო ჩვენშიაც და აღწერილია ზოგიერთი ადგილობრივი ფორმა. საქართველოს ლ. პ. ბერიას სახელობის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული მეხილეობის კათედრა 1935–36 წ. აწარმოებდა ჩვენში გავრცელებულ „უნშიუს“ კლონურ შერჩევას და მის დეტალურ შესწავლას, საუკეთესოების მასიურად გავრცელების მიზნით.

„უნშიუს“ საერთო და მოკლე აღწერილობა ასეთია: ხე მაღალი, მაგარი, მრგვალი და მაღალკრონიანია, შტამბი მრავალტოტიანია, ტოტის ზედაპირი გლუვი, ღია მონაცრო-ყავისფერი. ტრიფოლიატზე დამყნისას საძირე დიდად იზრდება და ნამყენი ადგილი მოგვაგონებს ცხენის ჩლიქს. მთავარი ტოტები მცირე რაოდენობით აქვს; ისინი სქელი, მრგვალი და უეკლოა. ფოთლები არახშირი იცის, ტოტები მცირე რაოდენობით აქვს; ფოთლები არახშირი იცის, ისინი მუქი მწვანე, გლუვ და ზოგჯერ ტალღისებრ ზედაპირიანია, ტყავისებრი, მაგარი, წაწვეტებულ ლანცეტისებრი, ძლიერ მახვილი წვერით, ფოთლის მთავარი ძარღვი მეტად შესამჩნევია, ყვავილები შეკრებილია ჯგუფად, ორიდან ხუთამდე, გვხვდება აგრეთვე თითოეულაც, ყვავილსაფარი ორმაგი აქვს, გვირგვინის ფურცლები თეთრი და ძლიერ სურნელოვანი. მტვრიანები მოკლეა და შეზრდილია ჯგუფ-ჯგუფად. ნასკვის სვეტი პატარაა, ნაყოფი შარისმაგვარი, გაბრტყელებული ან მსხლისებრია. ნაყოფის კანი ხასიათდება ნაზი ელასტიკური, მცირე რაოდენობის ეთერზეთოვანი ჯირკვლებით, შიგნითა შრე ძარღვიანი და უხეშია.

უნშიუს ყვავილი

სეგმენტები 9–13, არათანაბარი, რბილი და მეტად წვნიანია. წვენი ნარინჯისფერია და ტკბილი, აქვს სასიამოვნო სუნი. საწვნე უჯრედები მრავალი და პატარა აქვს, ერთნაირი სიდიდისა და ფორმის. აპკი მეტად ნაზია. სეგმენტების ურთიერთშებმულობა მჭიდროა, ნაყოფი, როგორც წესი, უთესლოა. თესლი მსხვილია, ღია ყვითელი და გლუვი. ჩანასახი იცის მრავალი.

მანდარინები, როგორც პოლიმორფიული ჯგუფი, მდიდარია მრავალი ფორმით. ისინი ძლიერ განირჩევიან ერთიმეორისაგან მთელი რიგი მორფოლოგიური და სამეურნეო თვისებებით (ნაყოფის სიდიდე, ფორმა, გემო, შაქრიანობა, ადრე დამწიფება, შენახვის ხანგრძლივობა და სხვა), რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ კულტურის სამრეწველოდ გავრცელებისას.

მთელი რიგი ცნობილი კლონებისა შექმნილია ადგილმდებარეობის თავისებურებებით. ასე, ჩინეთში, ინდოჩინეთში, იაპონიასა და ამერიკაში მანდარინის გავრცელების რაიონებში მრავალია განთქმული ჯიში – კლონები, რომლებიც ატარებენ წარმოშობის ადგილის სახელწოდებას.

მანდარინი ჩვენში პირველად შემოტანილ იქნა 1897 წ. საკმაოდ მრავალფეროვანი კოლექციის სახით. ამ დროიდან მანდარინი ვრცელდება დასავლეთ საქართველოს მთელ რიგ რაიონებში.

დღევანდელი მდგომარეობა მანდარინის პლანტაციებში უდავოდ გვიმტკიცებს იმას, რომ საწყისი მასალაც მეტად მრავალფეროვანი იყო. ჩვენს ძველ ნარგავებში, რომლებიც წარმოადგენს კლონების მეტად ჭრელ და რთულ პოპულაციას, ვხვდებით ყველა იმ ცნობილი ჯიშის ტიპებს, რომლებიც დღეს საუკეთესო ჯიშებს წარმოადგენენ. სახელდობრ: კლონი „ოვარი“, „ვასე“, ტიპები „ზაირაი“, „მარუ“, „კამეი“ და სხვა ჩვეულებრივი მოვლენაა ჩვენს პლანტაციებში. „უნშიუმ“ 50 წლის განმავლობაში უდავოდ ცვალებადობა განიცადა. აგროკლიმატური ფაქტორების ზეგავლენამ და მასში არსებულმა მემკვიდრულმა თავისებურებამ შექმნა თავისებური ადგილობრივი ფორმები მანდარინისა, ასე რომ ქართული მანდარინებისათვის ძველი სახელწოდება „იაპონური“ მანდარინი ვერ გამოიყენება, ვინაიდან ასეთი ფორმები არც იაპონიაში და არც ჩინეთში არ მოიპოვებიან. თვით იაპონური მანდარინის „იაპონურობა“ მეტად საეჭვოა. მეცნიერი ტანაკა, მიუხედავად ჩინური და იაპონური ძველი მწერლობის ბეჯითი შესწავლისა, ვერ პოულობს პირდაპირ მითითებას „უნშიუს“ იაპონურ წარმოშობაზე და იძულებულია დაასკვნას, რომ მანდარინი „უნშიუ“ მუტანტია.


წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები