მანდარინი კავანოვაზე
მანდარინი კავანოვაზე - წარმოადგენს მანდარინ უნშიუს ანუ საცუმას ფორმას, რომელიც საცუმას პლანტაციებში 1893 წელს პლანტატორმა ნ. კავანომ შეამჩნია.
საცუმასთან შედარებით ის წარმოადგენს ნაგალა ხეს, სუსტი, წვრილი და ძირს დახრილი ტოტებით. ყლორტები ზიგზაგურად დამუხლულია; მათ ძლიერ ნელი ზრდა და მცირე წლიური ნაზარდი ახასიათებთ, რომბისებრი, ღია მწვანე და წვრილი ფოთლებით მდიდრადაა შეფოთლილი. ფოთლის ფირფიტა ოდნავ დახვეული, მახვილწვეტიანია.
კვირტები უბისაა, საკმაოდ მსხვილები. ყვავილის კვირტები ორ-ორი ან სამ-სამია ერთად, კოკრები მსხვილი აქვს. გაშლილი ყვავილი საგრძნობლად აღემატება სხვა ფორმის მანდარინის ყვავილს.
ნაყოფი მსხვილი, ცვალებადი ფორმისა აქვს, ან მრგვალი (უფრო ხშირად) ან კონუსისებრი ანდა ბრტყელი. ტიპიურ ფორმად მრგვალი ოდნავ კონუსისებრი, მომრგვალებული, წვერიანი ნაყოფი ითვლება, რომელსაც ფუძე შემორკალული აქვს. წაგრძელებულკბილებიანი ჯამი კანთან შეზედის გამო რგოლისმაგვარ ღარებს აჩენს. ნაყოფის ზედაპირი გლუვი და პრიალაა, ღრმად ჩამჯდარი, მსხვილი, მეჩხერად განლაგებული ეთერზეთოვანი ჯირკვლებით. კანი თხელი, მუქი ნარინჯისფერი, მზიან მხარეზე მოწითალო. წვენი სასიამოვნო მჟავე-ტკბილია, ხორცი ნაზია და დნობადი; სეგმენტები არაერთნაირი სიდიდისაა, თხელი აპკით მჭიდროდ შეკრული. საწვნე უჯრედები მსხვილია, ფერად მუქი მოყვითალო, გულის სიღრუე პატარა.
კავანოვაზეს ჯიშობრივი ნიშანთვისებები მტკიცე არ არის. ხშირია ე.წ. ვეგეტაციური გადაგვარების შემთხვევა. ხშირად მცენარეზე ცალკეული ტოტები წარმოადგენს ჩვეულებრივ საცუმას ნიშანთვისებათა მქონე ნაწილებს.
ნაყოფის დამწიფების ადრეულობა (ხშირად საცუმაზე ადრე 2–3 კვირით), უხვი მოსავლიანობა, და ნაყოფის სიდიდე ამ ჯიშს დიდ მომავალს უქადის ჩვენს სუბტროპიკულ რაიონებში. ნაყოფის ხორცი მწიფდება ქერქის გაყვითლებამდე.