მანდარინი ოვარი
მანდარინი ოვარი - ეკუთვნის მანდარინ საცუმას ერთ-ერთ საუკეთესო ჯიშს, რომელიც ფართოდაა გავრცელებული იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩვენშიაც. ეს ჯიში ასეთი სახელწოდებით შემოტანილია ჩვენში 1936 წელს.
ოვარის განმასხვავებელ თვისებებს წარმოადგენს: სწორი ზრდა, მაღალი ძლიერი ვარჯი, უხვად შეფოთლილი, მუქმწვანე, მბზინავი, ფართოფირფიტიანი ფოთლებით. ფოთლის ფუძე უფრო მომრგვალებული, ვიწრო, მაგრამ მკვეთრად გამოსახული ფრთებით, საშუალო ზომის ყუნწით.
ყვავილები ისეთივე აქვს, როგორც ჩვეულებრივ მანდარინს, სხედან თითო-თითოდ, ორ-ორად, სამ-სამი და არაუმეტესი ხუთ-ხუთისა ერთად. ყვავილობა უხვი, გაჭიანურებული იცის.
ნაყოფი დიდი და ლამაზი აქვს. იგი წესიერი მოყვანილობისაა, მრგვალი, ოდნავ შებრტყელებული ფორმის, დიამეტრი 6,8 სმ, სიმაღლე 5,8 სმ, წონა 130 გრამამდე. ფერი – მოყვითალო ნარინჯისა.
ზედაპირი – ნორმალური, უსწორმასწორო, მსხვილი, ჩამჯდარი ეთერზეთოვანი ჯირკვლებით. ნაყოფის წვერი მოსწრებული, დინგის მიმაგრების ადგილი გვირგვინისებრრგოლებიანია. დინგის კვალი ძლიერ შესამჩნევია, მის ირგვლივ პირველი რგოლი გლუვზედაპირიანია. ხშირია პატარა ჭიპიანი ნაყოფებიც.
ნაყოფის ფუძე – ოდნავ ჩაღრმავებულია და ჯამის ირგვლივ უწესო ნაოჭიანი. ქერქის სისქე 2–3 მმ; იგი მკვრივი აღნაგობის, ღია ყვითელი ფერისა და მომწარო გემოსია. ალბედო ძალიან თხელი და ბადისებრი აქვს. კანი ხორცს ადვილად სცილდება.
გულის ღერო უწესო ვარსკვლავისებრია, ფუყედ ამოვსებული. სეგმენტები 10–11, უსწორმასწორო, ბლაგვი სოლისებრი, სუსტად შებმული ერთმანეთთან. აპკი – უხეში, ადვილად ძვრება ხორცს.
საწვნე უჯრედები – წაწვრილებული და ცილინდრულია. წვენი უხვი, მღვრიე, ტკბილ-მომჟავო, სასიამოვნო გემოსი იცის.