მანდარინი სილვერხილი
მანდარინი სილვერხილი - საცუმას ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს. ის აღმოჩენილია 1921 წელს ალაბამის რაიონში, სახელდობრ, სილვერხილში. ამ ჯიშმა ალაბამაში სამჯერ ზედიზედ აიტანა საკმაოდ დაბალტემპერატურიანი ზამთარი (100C). სილვერხილი აღმოჩენილ იქნა მანდარინის სხვა ციტრუსებთან შეჯვარების შედეგად მიღებულ აპოგამიურ მცენარეთა შორის და აპოგამიურად წარმონაშობ მცენარეს წარმოადგენს. ჩვენში შემოტანილია 1933 წელს.
სილვერხილის განმასხვავებულ ნიშანთვისებებში აღსანიშნავია: ხის ძლიერი ზრდა, ძლიერი, სწორმდგომი ტოტებისაგან შექმნილი მაგარი ვარჯი.
ნაყოფი ჩვეულებრივ საცუმაზე უფრო საგვიანოა. მოსავალი აღებული ჩვეულებრივ საცუმასთან ერთად, კარგად ამთავრებს დამწიფებას მოკრეფის შემდეგ და საკმარისად ყვითლდება; ახასიათებს უხვმოსავლიანობა, დიდი ყინვაგამძლეობა, ნაყოფის დიდი ხნით შენახვის უნარიანობა, კარგი ტრანსპორტაბელობა.
ნაყოფი ბრტყელი და ოვალურია, არათანაბარი სიდიდისა და წონის; ნაყოფის დიამეტრი 5,6–7,2 სმ, სიმაღლე კი 4,5 სმ-მდე. წონა მერყეობს 65 გრ-დან 130 გრამამდე. ფერი მოყვითალო ნარინჯისაა. ზედაპირი გლუვი, წვერის ტოტების ნაყოფები კი ოდნავ ხორკლიანი. ფუძე ჯამის ირგვლივ დანაოჭებულია. ნაყოფის წვერი სწორია, ცოტა ჩაწეული და უფრო გლუვი.
ეთერზეთოვანი ჯირკვლები მოზრდილია, განლაგებულია ნაყოფის ზედაპირზე. სურნელება ჩვეულებრივი მანდარინისა აქვს, კანი 3–4 მმ. სისქის, მოყვითალო ნარინჯისფერისაა და მწარე. ალბედო უფრო მეტად მხოლოდ წვერის ნაყოფებს ემჩნევა.
გულის ღერძი დიდი აქვს, 1 სმ. დიამეტრის, ცილინდრული. სეგმენტები 8–12, ბლაგვი, შედარებით თანაბარი, ურთიერთშებმულობა სუსტი, აპკი სქელი და უხეში. საწვნე უჯრედები მსხვილი კონუსისებრიდან, ვიდრე მოგრძო ცილინდრულამდე. წვენი უხვად შეყვითლებული, გემო ტკბილი სასიამოვნო მომჟავო აქვს. ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს აპკის უხეშობა, კონსისტენცია მარცვლოვანია.