მარგინალური ეკლესიები
მარგინალური ეკლესიები - მარგინალია ლათინური სიტყვაა (მარგინის - კიდე) და ზღვარგადასულობას, განაპირებას ნიშნავს. რელიგიათმცოდნეობასა და სოციოლოგიაში მარგინალურ ქრისტიანობას ზღვარგადასულ პროტესტანტობას ეძახიან.
მარგინალური ეკლესიებში ის რელიგიური ორგანიზაციები მოიაზრება, რომელთა არსებითი ნიშანი მოცემული ქვეყნის კულტურულ წარსულთან, აწმყოსთან და, ზოგადად, კულტურულ ღირებულობებთან კონფლიქტია. მაშასადამე, მათ იზოლაცია, მსოფლიო ანუ ეკუმენური მოძრაობებისათვის ზურგის შექცევა, ცხოვრების უცნაური სტილი და ზოგადქრისტიანული მსოფლმხედველობისაგან მკვეთრად გამიჯნული თეორიები ახასიათებთ. ეს პირველ რიგში ბიბლიისა და სამების დოგმატის გააზრებაზე ითქმის. იგულისხმება როგორც ბიბლიის ტექსტის უარყოფა (მაგ. დუხობორები), მისი მხოლოდ სიმბოლური გააზრება (მალაკნები) და მის გვერდით ავტორიტეტად სხვა წერილობითი წყაროს დასახელება (მაგ. „მორმონთა წიგნი“), ისე სამების ერთარსებობის უგულვებელყოფა („იეჰოვას მოწმეები“), ძველი და ახალი აღთქმის გაუმიჯნაობა (მე-7 დღის ადვენტისტები, რომლებიც შაბათს ჰურიაებრ ინახავენ) და ქრისტეს გვერდით სხვა მხსნელის, სხვა ქრისტეს აღიარება, ე.ი. პიროვნების გაკულტება და გაფეტიშება (ხლისტები და თანამედროვე ტოტალიტარული სექტები).
ეკლესიასა და სექტას შორის მთავარი განსხვავება ღიაობის ხარისხსა და პიროვნებასთან მიმართებაში მდგომარეობს. ეკლესია საყოველთაო და გახსნილი სამყაროა. მისი წევრები სულიერი ზრდისა და განვითარების კიბეს ნებაყოფლობით და ნაბიჯ-ნაბიჯ გადიან. სექტა ჩაკეტილი სივრცეა, რომლის წევრები ახალი წევრების მოსაზიდად ფაციფუცობენ. მიიღებენ მას, ვინც ფილტრაციის აპარატში გაივლის. არ შეიძლება, ვთქვათ, ღვინის დალევა, თამბაქოს მოწევა და სხ. ვინც ამ პირობას დაარღვევს, მან სექტა უნდა დატოვოს. ღვინოსა და თამბაქოზე უარის თქმა ეკლესიის მოთხოვნა და იდეალიცაა, მაგრამ ვინც ამ მოთხოვნას ვერ ასრულებს, ეკლესიიდან არ აგდებენ.
სექტანტობის უკიდურესი ფორმაა კულტი ანუ ტოტალიტარული სექტა. ასე იმ სექტებს ეძახიან, სადაც ავტორიტარიზმი ბატონობს და მორწმუნეები წინამძღვრებს მონისებრ ემორჩილებიან.