მარიამ დედოფალი (საქართველო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარიამ დედოფალი – გაერთიანებული საქართველოს მეორე მეფის, გიორგი I-ის (1014-27) მეუღლე, ვასპურაკანის მეფის, სენაქერიმ არწრუნის ასული, თვალსაჩინო სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.

ეწეოდა აქტიურ დიპლომატიურ საქმიანობას. გიორგი I-ის გარდაცვალების შემდეგ მარიამ დედოფალი მოკლე დროით (1027-31/32 ბაგრატ IV-ის მცირეწლოვნების ჟამს) ასრულებდა რეგენტის ფუნქციას და ფაქტობრივად თვითონ მართავდა ქვეყანას. მის სახელს უკავშირდება კონსტანტინოპოლში ვიზიტი (1030-31), რომლის დროსაც ბიზანტიასთან დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება. აღნიშნული დოკუმენტით, მართალია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დათმობების ხარჯზე, მაგრამ-მაინც, მოხერხდა ბიზანტია-საქართველოს შორის არსებული უაღრესად გამწვავებული ურთიერთობის რეგულირება. საქართველოს მხარემ ერთხელ კიდევ უარი თქვა ე.წ. დავით კურაპალატის „სამემკვიდრეოს“ – იმიერტაოს ტერიტორიის შემომტკიცებაზე და ცნო კონსტანტინოპოლის უზენაესობა, რისი გამოხატულებაც იყო ბაგრატ IV-თვის კურაპალატის ტიტულის მინიჭება. ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ მარიამ დედოფლის ეს ნაბიჯი იყო გიორგი I-ის მკვეთრი ანტიბიზანტიური კურსის ერთგვარი რევიზია, ხოლო თვით მარიამ დედოფალი გამოცხადებულია პრობიზანტიური ორიენტაციის მოღვაწედ.

XI ს-ის 50-იან წლებში მარიამ დედოფალი კვლავ აქტიურ პოლიტიკურ და დიპლომატიურ საქმიანობას ეწევა. ის კონსტანტინოპოლში თან ახლდა თავის ვაჟს, საქართველოს მეფეს ბაგრატ IV-ს და, როგორც ჩანს, ხელს უწყობდა მას იმპერატორთან გართულებული ურთიერთობის მოგვარებაში.

მარიამ დედოფალი ცნობილია, როგორც ქართული ეკლესიის დიდი მოამაგე, გიორგი მთაწმინდელის თანამდგომი…


წყაროები და ლიტერატურა

  • გიორგი მცარე „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება.- წგ.: ქართული პროზა, ტ. I თბ, 1982;
  • მატიანე ქართლისა-წგ, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. ტ. 1, თბ., 1955;
  • სუმბატ დავითის ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა-–იქვე.
  • კოპალიანი ე., საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში, თბ., 1969;
  • ლორთქიფანიძე მ. საქართველოს შიდაპოლიტიკური და საგარეო ვითარება X ს., 80-იანი წლებიდან XI ს, 80-იან წლებამდე –წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ 3. თბ., 1979;
  • პაპასქირი ზ. ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი, თბ., 1990;
  • ჯავახიშვილი ივ, ქართველი ერის ისტორია, წგ. 2. თბ., 1965 (თხ 4., ტ. 2, თბ., 1983).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები