მარიამ სტიუარტი (შილერი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარიამ სტიუარტი

„მარიამ სტიუარტი“ – გერმანელი დრამატურგის ფრიდრიხ შილერის დრამა, (1800).


პიესაში „მარიამ სტიუარტი“ ასახულია ბრძოლა ორ დედოფალს – ინგლისელ ელისაბეთსა და შოტლანდიელ მარიამს – შორის. ეს ბრძოლა ქმნის დრამატულ კონფლიქტს. ელისაბეთი სახელმწიფოებრიობის პრინციპის გამოხატულებაა. მასში იბრძვის დედოფალი და ქალი, დედოფალი ყოველთვის იმარჯვებს ქალზე. მარიამ სტიუარტი უპირატესობას ქალურ, პირადულ საწყისს ანიჭებს. კონფლიქტი ნაჩვენებია ადრეულ სტადიაში, როცა მარიამ სტიუარტი არის ელისაბეთის ტყვე. თუ ელისაბეთი მკაცრი და დაუნდობელია, მარიამი ცოტათი ქარაფშუტაა, პირადი ბედნიერებისთვის სხვების ბედით თამაშობს. სიკვდილის პირისპირ მყოფი მარიამი ჩამოიწმენდს ყველა იმ სიბინძურეს, რომლისაც ადრე არ რცხვენოდა. მარიამს უნდა სიცოცხლე. ტყვეობაშიც კი, თავისი მომხრეებისა თუ მტრების თვალში, მარიამი ისევ დედოფალია. ამიტომ ელისაბეთი არ ინდობს მას. მარიამი ელისაბეთის ორმაგი მტერია, როგორც ქალი – ლეისტერის სიყვარულში და როგორც ინგლისის დედოფლობის რეალური პრეტენდენტი. მარიამს სურს განაცალკეოს ადამიანური და დედოფლური, სახელმწიფო მმართველის თვისებები, მაგრამ ეს შეუძლებელია. რადგან მარიამს არ შეუძლია შეინარჩუნოს სიცოცხლე როგორც ადამიანმა, გადაწყვეტს, მოკვდეს როგორც დედოფალი.

ეს არის ბრძოლა ორ პრინციპს შორის. მარიამი გამოხატულებაა ძველი წესისა, რომელიც ეყრდნობა კათოლიციზმს და ფეოდალიზმის ძლიერებას. ელისაბეთი კი პროტესტანტელი დედოფალია, რომლის სახელმწიფოებრივი ძალაუფლება ერისას ეყრდნობა. ელისაბეთისთვის მარიამის გათავისუფლება ახალი მონარქისათვის დროშის გადაცემის ტოლფასია. მან უნდა დასაჯოს მარიამი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ელისაბეთმა უნდა მოკლას მარიამი, როგორც პოლიტიკური მეტოქე. ამ ორ ძალას შორის აღმოჩნდება ჩათრეული შესანიშნავი ახალგაზრდა იდეალისტი მორტიმერი, რომელსაც უყვარს მარიამი და მისი გადარჩენა უნდა. მორტიმერი ჩანაფიქრის განუხორციელებლად კვდება, მაგრამ მისი ტრაგედია ამაში კი არ მდგომარეობს, არამედ იმაში, რომ მარიამს არ ესმის მორტიმერის. მორტიმერი იბრძვის მარიამის, არა მარტო ფიზიკური გადარჩენისათვის, არამედ მისი სულიერი აღორძნებისთვისაც.

მარიამის დაღუპვა გარდაუვალია პოლიტიკური ბრძოლის გამო. თანაგანცდის გამოსაწვევად შილერი არბილებს მარიამის დანაშაულს. სიცოცხლის ბოლო დღეებში ზნეობრივად ამაღლებული გამოჰყავს. მარიამი სიკვდილს ტრაგიკული დანაშაულისგან შინაგანად განწმენდილი ხვდება.

მაკა ვასაძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები