მარი აბრამიშვილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბრამიშვილი მარი

მარი აბრამიშვილი (1922 − 2008), ქართველი პოეტი. დაიბადა საჩხერეში. 1940 წელს დაამთავრა თბილისის მე-18 (ახლანდელი 51-ე) საშუალო სკოლა, 1944 წელს − თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1945 წლის 27 მარტს რამდენიმე ახალგაზრდა პოეტთან ერთად ხელნაწერ ჟურნალ „ანათემის” გამოცემის გამო დააპატიმრეს და გადაასახლეს. სასჯელს იხდიდა ვიატკის ბანაკებში (იგი ერთადერთი ქალია რეპრესირებულ მწერალთა შორის). გადასახლებიდან დაბრუნებულმა კვლავ განაგრძო ლიტერატურული საქმიანობა. 1951 წელს მისი ლექსი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „მნათობში”, ხოლო ლექსების პირველი კრებული („ციცინათელა”) 1957 წელს გამოვიდა, მას შემდეგ გამოსცა კიდევ კრებულები: „აი, სად შემხვდი” (1963), „ლირიკა” (1977), „ძველი სიყვარული” (1982), ვმემახსოვრება თვით სიკვდილშიაც” (1992), ერთტომეული (1999), მცირე რჩეული (2003), სატრფიალო ლირიკა (2004), „განთიადის მოლოდინში” (2007); ასევე გამოცემული აქვს საბავშვო ლექსების კრებულები: „ნაცნობი მერცხალი” (1960), „ტრაბახა თაგვი” (1975), „ფერადი ფანქრები” (2006). მარი აბრამიშვილმა თარგმნა ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ალექსანდრე ბლოკის, სერგეი ესენინის, ბელა ახმადულინას, ევგენი ევტუშენკოს, რ. ოლდინგტონის ლექსები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


აი, სად შემხვდი
აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა,
მე კი თურმე სად დამღამებია, −
შენ რომ გიყვარდა, ის ქალი მე ვარ,
ვიცი, სხვა ქალი არ გყვარებია.
მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს, −
შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ,
მითხარი, ხომ არ დავაგვიანე?
თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა,
მე უშენობის დაღი მატყვია;
შენ რომ გინდოდა, ის გული მე მაქვს,
ვიცი, სხვა გული არ გინატრია.
შენ ეძახოდი შორს შენგან წასულს
და ხმა ქარიშხალს ჩაუქროლია;
შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს
და ჩემს მეტს არვის გაუგონია.
მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს, −
შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ,
მაგრამ ვაი, რომ დავაგვიანე.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები