მარშალი ალფრედ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Marshal.PNG

მარშალი ალფრედ - (Marshall Alfred), (დ. 1842 - გ. 1924), ინგლისელი ეკონომისტი (განათლებით მათემატიკოსი), კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი (1885-1908). მიუხედავად იმისა, რომ ზღვრული ანალიზის ფუძემდებელი იყო, არასდროს არ უარყოფდა თავის კავშირს ინგლისურ კლასიკურ ეკონომიკურ სკოლასთან. მან დაარსა ინგლისურ-ამერიკული სკოლა და XX საუკუნის დასაწყისში წამოაყენა ალტერნატიული ღირებულების (ფასეულობის) თეორია, რომელიც ინგლისურ-ამერიკული სკოლის თეორიის სახელითაა ცნობილი. მარშალმა ღირებულების სხვა თეორიების (შრომითი ღირებულების თეორია, წარმოების დანახარჯების თეორია, მოთხოვნა-მიწოდების თეორია) შეერთებით შექმნა ღირებულების ახალი თეორია, რომელშიც ამოსავალი პოსტულატია მოთხოვნა-მიწოდების კანონი. ამ თეორიის მიხედვით საქონლის მიწოდებას განსაზღვრავს წარმოების დანახარჯები, ხოლო მოთხოვნას - საქონლის ზღვრული სარგებლიანობა. ამრიგად, აღნიშნულ თეორიაში გათვალისწინებულია როგორც იმათი თვალსაზრისი, ვინც ღირებულებას ობიექტური ფაქტორებით განსაზღვრავს, ისე იმათიც, ვინც მათ სუბიექტური ფაქტორებით განსაზღვრავს. მაშასადამე, ღირებულების მარშალისეული თეორია ობიექტური და სუბიექტური ფაქტორებით ღირებულების განსაზღვრის თავისებური სინთეზია. იგი ასაბუთებს ღირებულებასა და სარგებლიანობას შორის ფუნქციონალურ კავშირს და ფასს, როგორც საქონლის საყიდლად გადახდილ ფულის რაოდენობას, განიხილავს ღირებულებისა და სარგებლიანობის ერთობლიობად.

ა. მარშალის ნაშრომების ფუნდამენტური იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მოთხოვნა და მიწოდება განსაზღვრავენ წონასწორობის საბაზრო ფასებს. იგი აკრიტიკებდა როგორც კლასიკურ, ისე ავსტრიულ სკოლებს და ასაბუთებდა, რომ ისინი ცალმხრივად განიხილავდნენ ფასწარმოქმნას. მარშალი ამტკიცებდა, რომ როგორც მოთხოვნა, ისე წარმოების დანახარჯები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ წონასწორობის ფასების ფორმირებაში. ალფრედ მარშალმა შემოიღო მოთხოვნისა და მიწოდების ელასტიკურობის ცნებები, ლეონ ვალრასთან ერთად შექმნა მოთხოვნა-მიწოდების მარტივი მოდელი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ბაზრის ფუნქციონირების მექანიზმის გარკვევაში. მან ხიდი ააგო კლასიკურ (ობიექტურ) და ნეოკლასიკურ (სუბიექტურ) თეორიებს შორის. მისი ძირითადი ნაშრომებია: «ეკონომიქსის პრინციპები» (1890), «ინდუსტრია და ვაჭრობა» (1919), «ფული, კრედიტი და კომერცია» (1923) და სხვ. მარშალის ნაშრომებმა უდიდესი როლი შეასრულეს არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მართვაში, არამედ თანამედროვე მიკროეკონომიკის ფორმირებაშიც.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები