მასხარებაზობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მასხარებაზობა – ძველი სპარსული თეატრის ფორმა – ძველი სპარსული ხალხური კომედიის ერთ-ერთი ნაირსახეობა. იგი წარმოადგენს ხალხის წიაღში წარმოშობილ სანახაობას და თავისი ტრადიციებით უპირისპირდება მისტერიის რელიგიურ შინაარსს და სულისკვეთებას.

თუკი მისტერიაში ყველაფერი წმინდაა და ყველანი, უფრო ზუსტად, მთავარი დადებითი გმირები, წმინდანები არიან, ხალხურ კომედიაში პირიქით – ყველანი „ცოდვის შვილებს“ განეკუთვნებიან. იმავდროულად, ეს ცოდვები სასაცილო, გასართობი ხერხებითაა გადმოცემულგამოხატული. მასხარები, მოცეკვავეები, კომედიანტები და ყველანი, ვინც მასთან იყვნენ დაკავშირებულნი, ქმნიდნენ განსაკუთრებულ კასტას. აქ ქალებს მოცეკვავე ბიჭები, ე. წ. „ბაჩე“-ები ეჯიბრებოდნენ (სპარს. ბაჩე – ბიჭი).

წარმოდგენები, რომლებშიც სპარსელი მასხარებაზები მონაწილეობდნენ, კლოუნადას უახლოვდებოდა. მონაწილენი ცეკვავდნენ, საცირკო ნომრებს ასრულებდნენ და სახუმარო კუპლეტებს მღეროდნენ. წარმოდგენა ტარდებოდა მდიდარი მოქალაქეების მოწვევით, გადიოდნენ სადმე ბაღში, წყაროსთან, გაშლიდნენ ხალიჩას და წარმოდგენაც იწყებოდა.

„მასხარებაზობა“ ყოველთვის გართობის მიზნით ეწყობოდა, სადაც წამყვანი ადგილი ცეკვას ეჭირა, მაგრამ ხშირად, სატირულ კუპლეტებსაც გამოურევდნენ. არცთუ იშვიათად, თვით პოლიტიკურ და საჭირბოროტო საკითხებსაც კი ეხებოდნენ.

კლოუნადის დროს გამომჟღავნდებოდა ხოლმე ის, რაც აკრძალული იყო: მოლების დაცინვა, რასაც ჩვეულ ვითარებაში ვერც ერთი სპარსელი ვერ გაბედავდა. აქ კი ხალხი დაუფარავად იცინოდა მოლების სხვადასხვა შეუფერებელ საქციელსა და სიტყვებზე.

ზემოთქმული ცხადყოფს, რომ იმდროინდელი სპარსელისათვის თეატრი ახლობელი და ძვირფასი მოვლენა იყო. თანდათანობით „მასხარებაზობა“ კიდევ უფრო დაიხვეწა და ტექნიკურ სრულყოფამდე ამაღლდა.

გულიკო მამულაშვილი

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები