მახინჯაური (ბათუმი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მახინჯაური

მახინჯაური – საქვეყნოდ განთქმული კურორტია შავ ზღვაზე, ბათუმთან ახლოს. იგი 1959–2011 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნებოდა, თუმცა დღესდღეობით ბათუმის დაქვემდებარებაშია.

მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ ბათუმის ჩრდილოეთ ნაწილში, მისი ცენტრიდან 6 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 15 მეტრზე.

მახინჯაური ზღვისპირა კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 5,7 °C, ივლისისა 22,2 °C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,8 °C. ნალექები 2750 მმ წელიწადში. მზის ნათების ხანგრძლივობა 1890 სთ წელიწადში. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია თალასოთერაპია. არის მინერალური წყლები, რომლებსაც იყენებენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

ტოპონიმის წარმოშობის შესახებ დღემდე სპეციალისტთა მიერ არაერთი ვარაუდი არის გამოთქმული, მაგრამ საბოლოო და სარწმუნო, ვფიქრობთ, ჯერ არ მოგვეპოვება. ადგილობრივ გავრცელებული ხალხური ეტიმოლოგიის მიხედვით ამ ადგილს ძველად მახინჯ-გიაური რქმევია: ოსმალთა ბატონობის დროს აქ ქრისტიან ხალხს იჭერდნენ, სახეზე ნაჭრილობევებით ამახინჯებდნენ, ამიტომაც იმ ადგილისათვის ხალხს მახინჯ-გიაური უწოდებია, საიდანაც მოგვიანებით მახინჯაური წარმომდგარაო.”

სპეციალისტებისათვის ცნობილია სხვაგვარი ვარაუდებიც. გ.ლეონიძე, მაგალითად, თვლიდა, რომ მახინჯაური XIII საუკუნის მოღვაწის მახუნჯაგის პიროვნული სახელისაგან უნდა ყოფილიყო წარმომდგარი: მახუნჯაგ-ურ-ი „მახუნჯაგის კუთვნილი ადგილი“, მახუნჯაგურ- ფორმაში დაკარგულა, ხმოვნად ქცეულა და ხალხური ეტიმოლოგიის საფუძველზე (გადააზრიანებით) მახინჯაური მიგვიღიაო. ეს თვალსაზრისი უთუოდ საინტერესოა, მაგრამ დაბრკოლებაც ახლავს. კერძოდ, გასათვალისწინებელია, რომ მახუნჯაგურს, აგრეთვე მახინჯაურს ქართული საისტორიო წყაროები, მათ შორის ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები და სხვანი საერთოდ არ იცნობენ. ეს ფაქტი კი იმას მიგვანიშნებს, რომ ტოპონიმი მახინჯაური მოგვიანებით, დაახლ. XIX საუკ. I ნახევარში არის წარმოქმნილი.

სპეციალისტთა უმრავლესობა ამჟამად მხარს უჭერს მახინჯაურის ზანური მახენჯი სიტყვისაგან მომდინარეობას, რაც ქართულად ნიშნავს „ქურდი“, „მპარავი“. აქედან მიიღო ქართულმა სიტყვა მახინჯმა „ხელმრუდის“, „ქურდის“ გაგება. ქართული ტოპონიმიის ცნობილი სპეციალისტი ზ. ჭუმბურიძე შენიშნავს კიდევაც, გასაოცარია, რატომ ჰქვია ამ ლამაზ კურორტს ასეთი უცნაური, შეუფერებელი სახელი, მახინჯაურს ხომ მახინჯთან საერთო არაფერი შეიძლება ჰქონდესო.”

ტოპონიმ მახინჯაურს მეგრულ მახენჯ- სიტყვასთან („ქურდი“, „ხელმრუდი კაცი“) საერთო მართლაც არაფერი აქვს. იგი, ჩვენი ვარაუდით, წარმომდგარი უნდა იყოს მეგრული ხინჯ-ი სიტყვისაგან, რაც ქართულად ხიდს ნიშნავს. სახელწოდება მახინჯაური, მაშასადამე, შეიძლება მივიჩნიოთ ხელობის აღმნიშვნელ მიმღეობურ სიტყვად, რომელიც მა-ურ აფიქსით ყოფილა გაფორმებული: მა-ხინჯა-ურ-ი. იგი შეიძლება გავიაზროთ როგორც „მეხიდე კაცის კუთვნილი ადგილი“, „სოფელი, რომელშიც ხიდის (ბოგის) ხელოსან ხალხს უცხოვრია“.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები