მეზილი
მეზილ-ი (ადიღ. МэзылI: мэз – „ტყე“, лIы – „მამაკაცი“) – „ტყის კაცი“, ანთროპომორფული დემონური არსება ადიღურ მითოლოგიაში. ჩერქეზთა წარმოდგენით, ცალთვალა მეზილის სხეული ხშირი და გრძელი ბალნითაა დაფარული, მკერდზე ცული ან მახვილი აქვს ამოზრდილი, ნესტოებიდან კი ცეცხლი ამოსდის. ცხოვრობს ტყეში და მტრობს მარტოხელა მგზავრებს. მას ხშირად ხვდებიან ნართები და ადიღური ფოლკლორის სხვა გმირები, რომლებიც გულუბრყვილო მეზილს ეშმაკობით ამარცხებენ. ასე, მაგალითად, ერთ-ერთი ნართული თქმულების („როგორ შეირთო ორზამესმა დადუხი“) პერსონაჟი – ორზამესი, იცის რა სივერაგე ტყის კაცისა, რომელმაც ნართს მეგობრობა შეჰფიცა, მაგრამ გმირის მოკვლა და მისი ქონების დაუფლება განიზრახა, თხუთმეტი ღამე თავის საწოლზე ნაბადგადაფარებულ ჯირკვს სტოვებს, თავად კი მთელი ღამეები საცხოვრებლის კუთხეში დგას და ტყის კაცს ელოდება. მეთექვსმეტე ღამით მოდის მეზილი და, ჰგონია რა ნართი, ჯირკვს დააცხრება და მახვილით ხვრეტს. მოტყუებულ ურჩხულს ორზამესი ვარსკვლავივით ელვარე თვალში ისარს არჭობს და კლავს. მეზილს ნართი ტიმისიც კლავს.
საინტერესოა ითქვას შავიზღვისპირა შაფსუღებში გავრცელებული რწმენა „ტყის ადამიანებზე“ (МэзыпIыф), რომლებზეც ნ. ალბოვი წერს, რომ „არიან შიშვლები, მთლიანად ბალნით მოსილნი, ადამიანებს არ ერჩიან“. თუმცა, ამის პარალელურად, ლ. ლავროვის მიხედვით, შაფსუღებს სწამდათ არსებობა ბოროტი მეზლინიყოსი (МэзлIыныкъу – „ტყის ნახევრად ადამიანი“), იგივე „ტყის მოხუციკაცისა“ (Мэзылэжь), რომელიც სრულიად შიშველია (სხეულს მხოლოდ მატყლი უფარავს), ცალფეხა და ცალთვალა, მკერდზე ცულის ან დიდი და ბასრი ძვლის წამონაზარდით. ადგილობრივთა შეხედულებით, ასეთი ტყიური არსებები ადამიანებისთვის საშიშნი არიან არა თავიანთი სიბოროტით, არამედ კაცთმოყვარეობით: შემხვედრებს ჩასახუტებლად მიეჭრებიან, მაგრამ მკერდზე მიკრულებს ცული კლავს. მსგავსი სიუჟეტი, დაკავშირებული ტყის კაცისა და გმირის ურთიერთობასთან, კავკასიის ყველა ხალხის (მათ შორის არაავტოქტონური ხალხების) ფოლკლორში ფართოდ არის წარმოდგენილი. ითვლება, რომ ტყის კაცი ნადირობის ღმერთის (ჩერქეზების შემთხვევაში, მეზითჰას) გვიანდელი ტრანსფორმაციაა.
ლიტერატურა
- Нартхэр. Адыгэ эпос. Т. 3. Мыекъуапэ, 1970;
- Мижаев М. И. Мезиль // Мифы народов мира. Т. 2. М., 1982;
- Альбов Н. Ботанико-географические исследования в Западном Закавказье // Записки Кавказского отдела Императорского русского географического общества, XVI, 1894;
- Рижский М. Демонологические представления у шапсугов // Религиозные пережитки у черкессов-шапсугов. Материалы Шапсугской экспедиции 1939 г. Под редакцией С. А. Токарева и Е. М. Шиллинга. Сб. Научных студенческих работ, вып. 17. Этнография. М., 1940;
- Лавров Л. И. Доисламские верования адыгейцев и кабардинцев // Исследования и материалы по вопросам первобытных религиозных верований. Труды Института этнографии им. Н. Н. Миклухо-Маклая. Новая серия. Т. 51. М., 1959;
- Куёк А. С. Образ мифологического божества Мэхитха в мифологии и эпических сказаниях адыгов // Вестник Адыгейского государственного университета. Серия 2: Филология и искусствоведение. Вып. N 2 (114). 2013.