მეიერბერი ჯაკომო
ჯაკომო მეიერბერი – (იაკობ ლიბმან ბეერი) (5. IX. 1791, ტასდორფი, ბერლინთან – 2. V. 1864, პარიზი], კომპოზიტორი. დაიბადა ებრაელი ბანკირის ოჯახში. მუსიკალური განათლება მიიღო მ. კლემენტის (ფორტეპიანო), კ. ფ. ცელტერისა და ი.გ. ფოგლერის (თეორია, კომპოზიცია) ხელმძღვანელობით. 1816-24 გაატარა იტალიაში, ეუფლებოდა საოპერო ხელოვნების სტილს, წერდა ოპერებს. 1842-იდან იყო მუსიკის გენერალური დირექტორი ბერლინში. 30-40-იან წლებში პარიზის თეატრისათვის დაწერა ოპერები „რობერტ ეშმაკი“ (1831, პარიზი), „წინასწარმეტყველი“ (1849), „აფრიკელი ქალი“ (1865) და სხვ. მეიერბერის შემოქმედების მწვერვალია ოპერა „ჰუგენოტები“ (1836, პარიზი); მისი საოპერო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია სიუჟეტის ეფექტური განვითარება, გმირთა მკაფიო სახეები, მასობრივი სცენები, სანახაობითი და ფსიქოლოგიური კონტრასტები.
მეიერბერის შემოქმედებამ საგრძნობი გავლენა მოახდინა XIX ს. საოპერო ხელოვნებაზე. მეიერბერს ეკუთვნის აგრეთვე კანტატები, საორკესტრო ნაწარმოებები, საფორტეპიანო პიესები, სიმღერები.