მეკალოე ბატი
მეკალოე ბატი (ლათ. Anser fabalis Latham, 1787) − ფრინველი იხვისებრთა ოჯახიდან. დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 400-480 მმ-ია, ნისკარტი 50-65 მმ, წონა – 3-4,5 კგ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობით ორივე სქესის ფრინველი მსგავსია. თავი, კისერი და სხეულის ზემო მხარე მურა ფერისაა; მორუხოა ბეჭებთან და მოშავო ზურგზე. კუდის ზედა და ქვედა მფარავები, აგრეთვე მუცელი თეთრია; სხეულის გვერდები მოწაბლისფროა, თეთრი განივი ზოლებით. ფრთების მფარავები და მომქნევები მოშავო-მურაა. ასეთივე ფერის საჭის ბუმბულებს ბოლოებში აქვთ თეთრი არშიები. საჭის კიდურა წყვილი თითქმის მთლიანად თეთრია. ნისკარტის „ფრჩხილაკი“ ოვალური ან მომრგვალებულია. ნისკარტიცა და „ფრჩხილაკიც“ შავია, მაგრამ წვეროს ნაწილში და ძირში ნისკარტი მოყვითალო, ნარინჯისფერი ან მოწითალოა. ასეთივეა ფეხების შეფერილობაც. ახალგაზრდა ფრინველები უფრო მკრთალია. თეთრი ზოლები გვერდებზე არა აქვთ, ხოლო სხეულის ქვემო მხარეზე წვრილი ლაქებია.
აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ტუნდრის მეკალოე ბატი – A. f. fabalis Latham, 1787.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევრაზიის ჩრდილოეთ ნაწილს გრენლანდიიდან ანადირის მხარემდე. რიგ ადგილებში ჩრდილოეთით სცილდება ყინულოვანი ოკეანის ნაპირებს და მოიპოვება კუნძულებზეც. სამხრეთი საზღვარი, არეალის დასავლეთ ნაწილში, გადის მე-60 პარალელზე, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში – ტაიგის სამხრეთ საზღვარზე. ზამთრობს ევროპის დასავლეთ და სამხრეთ სანაპიროებზე, შუა აზიაში, ჩინეთსა და იაპონიაში. საქართველოში მოიპოვება უმთავრესად მიმოფრენის პერიოდებში, თუმცა აღნიშნულია მისი ზამთრობაც რესპუბლიკის ზოგიერთ წყალსატევზე.
ბიოტოპი
ტუნდრის ბალახნარიანი ნაკვეთები, ღია ადგილები ან უღრან ტაიგაში წყალსატევების მახლობელი მიდამოები.
გამრავლება
ბუდეს აწყობს მდინარეთა სანაპირო დაბლობზე, მშრალ ხავსიან ტუნდრაში, რომელიც აგებულია ხმელი მცენარეული ნარჩენებისაგან და ამოფენილია ხავსითა და ბუმბულით. ბუდეს აგებს ორივე სქესის ფრინველი. ივნისის პირველ ნახევარში დებს 3-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 25 დღემდე გრძელდება.
კვება
ძირითადი საკვებია ნაირგვარი ბალახოვანი მცენარეების მწვანე ნაწილები, აგრეთვე კენკრა და თესლები. მიმოფრენის დროს იკვებება აღებულ პურის ყანებში, ხოლო ზამთარში – ბრინჯის ყანებსა და საშემოდგომო ხორბლის ჯეჯილში.
მნიშვნელობა
ტუნდრაში მეკალოე ბატი ინტენსიური რეწვის ობიექტია. აგროვებენ მის კვერცხს, განგურის დროს იჭერენ თვით ფრინველსაც.