მელანქოლიური დეპრესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მელანქოლიური დეპრესია - ცნობილია, რომ დეპრესიული ეპიზოდის დროს განვითარებული სიმპტომები ერთი და იმავე პაციენტის შემთხვევაშიც და პაციენტებს შორისაც განსხვავებულია. დეპრესიის კლინიკური ნიშნების შესწავლისას გამოვლინდა, რომ ზოგი დეპრესიული მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ე.წ. „ბიოლოგიური“ სიმპტომები, როგორებიცაა: უმადობა, ფსიქომოტორული ცვლილებები, წონაში კლება, ყაბზობა, ლიბიდოს დაქვეითება, ამენორეა და დილით ადრე გაღვიძება. ამ სიმპტომებს ხშირად მელანქოლიურსაც უწოდებენ; ისინი ქმნიან დეპრესიული აშლილობების სპეციფიკურ ქვეჯგუფს, რომელიც DSM-IV-ში მოცემულია სახელწოდებით - „დეპრესია მელანქოლიით“, ხოლო ICD-10-ში - „დეპრესიული ეპიზოდი სომატური სიმპტომებით“ .

კლასიფიკაციის მეშვეობით დიაგნოზის დასმა რთულია, რადგან პაციენტების უმრავლესობას აქვს მელანქოლიის ესა თუ ის ნიშანი, რომლის გამოვლენას ყურადღებით გამოკვლევა სჭირდება. შესაბამისად, მელანქოლიური დეპრესიის დიაგნოზის დასასმელად აუცილებელი სიმპტომების რაოდენობა, გარკვეულწილად, საკამათოა. მიუხედავად ამისა, ზოგადად მიღებულია, რომ გამოხატული მელანქოლიური დეპრესია ასოცირდება რიგ საერთო კლინიკურ მახასიათებელთან (Parker et al., 2001):

  • უფრო მწვავე სიმპტომატიკა
  • სუსტი პასუხი პლაცებო-მკურნალობაზე
  • ელექტროკრუნჩხვითი თერაპიის ეფექტურობა (ECT)
  • ნეირობიოლოგიური პათოლოგიების მეტი მტკიცებულება (სწრაფი ძილის ფაზაში შემცირებული ლატენტური პერიოდი, კორტიზოლის ჰიპერსეკრეცია).

დღემდე გაურკვეველია, არის თუ არა მელანქოლიური დეპრესია დამოუკიდებელი აშლილობა, თუ იგი დეპრესიულ აშლილობათა კონტინუუმის სიმწვავით განსხვავებულ მდგომარეობას წარმოადგენს.

კენდლერმა (Kendler, 1997) ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გამოიკვლია ტყუპები. მან დაადგინა, რომ მელანქოლიური დეპრესია წარმოადგენს დეპრესიის ვალიდურ ქვეჯგუფს, რომელიც ვითარდება დეპრესიისადმი მაღალი გენეტიკური წინაგანწყობის მქონე ინდივიდებში. ამასთან, მელანქოლიის დიაგნოზი მიუთითებდა რაოდენობრივად განსხვავებულ უფრო მწვავე ფორმის არსებობაზე, ვიდრე განსხვავებულ ეტიოლოგიურ ქვეჯგუფზე.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები