მენდელსონი ფელიქს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფელიქს მენდელსონი – (მენდელსონ-ბართოლდი იაკობ ლუდვიგ ფელიქს), (3. II. 1809, ჰამბურგი – 4. XI. 1847, ლაიფციგი), გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი, ორგანისტი, საზოგადო მოღვაწე.

მენდელსონმა მიიღო ფართო მუსიკალური და საერთო განათლება. მეცადინეობდა კ.ფ. ცელტერის ხელმძღვანელობით. ურთიერთობა ჰქონდა ი.ვ. გოეთესთან. სწავლობდა ბერლინის უნივერსიტეტში. ბევრს მოგზაურობდა ევროპულ ქვეყნებში, გამოდიოდა როგორც პიანისტი, დირიჟორი და კომპოზიტორი. 1829 ბერლინში მენდელსონის ხელმძღვანელობით შესრულდა ი. ს. ბახის „მათეს ვნებანი“, რაც საფუძვლად დაედო ბახის ვოკალური მუსიკის აღორძინებას. 1835-იდან ხელმძღვანელობდა „გევანდჰაუზის“ კონცერტებს ლაიფციგში. 1843 მისი ინიციატივით ლაიფციგში გაიხსნა გერმანიაში პირველი კონსერვატორია სადაც კომპოზიციის კლასს თვითონ ხელმძღვანელობდა.

მენდელსონი რომანტიკული მიმდინარეობის გამოჩენილი წარმომადგენელია. რომანტიკული სიმფონიზმის ერთ-ერთი შემქმნელი, რომლის მუსიკისათვის დამახასიათებელია სტილის სიცხადე, ელეგიური ტონი, მოხდენილი ფანტასტიკური სკერცოზულობა. მენდელსონი სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოების ავტორია. მათ შორის პროგრამული სიმფონიური უვერტიურები: „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (1826), „მშვიდი ზღვა და ბედნიერი ნაოსნობა“ (1828), „ფინგალის მღვიმე“ (ანუ „ჰებრიდები“ მე-2 რედ., 1832). მენდელსონის 5 სიმფონიიდან მნიშვნელოვანია „იტალიური“ (1833), განსაკუთრებით კი „შოტლანდიური“, რომელიც კომპოზიტორმა ახალგაზრდობაში დაიწყო და მოგვიანებით (1842) დაამთავრა; მისი შედევრია განთქმული სავიოლინო კონცერტი (1844), აგრეთვე 2 კონცერტი ფორტეპიანოსათვის (1831, 1837), საფორტეპიანო ნაწარმოებებიდან ცნობილია „სერიოზული ვარიაციები“ (1841) და განსაკუთრებით პოპულარული „უსიტყვო სიმღერები“ (8 რვეული, 1829-45), მაღალი მხატვრული ღირსებებით გამოირჩევა მუსიკა შექსპირის კომედიისათვის − „ზაფხულის ღამის სიზმარი“ – მენდელსონის შემოქმედების მწვერვალი (1842). 1874-77 ლაიფციგში გამოვიდა მენდელსონის თხზულებათა სრული კრებული (36 ტ.).


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები