მენექსილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მენექსილა − მთლიანი ხიდან გამოთლილი ნავი.

საქართველოს მოსახლეობა უხსოვარი დროიდან სამდინარო და საზღვაო ტრანსპორტით სარგებლობდა. ამ მიზნით თავდაპირველად ერთ ხეში გამოთლილი, ხოლო მოგვიანებით − ფიცრული ნავები გამოიყენებოდა. დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი დიდი სანაოსნო თავისი შენაკადებით მდინარე ჭოროხი იყო. ჭოროხის სამდინარო გზით მთელი ჭოროხის მხარის − ყოფილი ბათუმის ოლქის მოსახლეობა სარგებლობდა. მხარის ქალაქ ბათუმთან დამაკავშირებელი ერთი მთავარი გზა სწორედ მდინარე ჭოროხზე გადიოდა. ფრანგი ორიენტალისტი ჟან მურიე, რომელმაც გასული საუკუნის 80-იან წლებში ბათუმის ოლქში იმოგზაურა, წერდა, რომ საგარეო ურთიერთობისათვის სავაჭრო გზების უქონლობის გამო, წარსული საუკუნეებიდანვე ბათუმის ოლქის მთავარ სატრანსპორტო არტერიას ჭოროხი წარმოადგენდა და ადგილობრივი მოსახლეობაც ვაჭრობას ამ მდინარის საშუალებით აწარმოებდა. მდინარე ჭოროხის ეს უპირატესობა მისი ჰიდროგრაფიული თავისებურებებით აიხსნებოდა. ჭოროხი სანაოსნოდ თითქმის მთელი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა. XVIII-XIX საუკუნეების მონაცემებით, მდინარე ჭოროხზე და შავ ზღვაზე სამოძრაოდ ბრტყელძირიან ნავებს იყენებდნენ. ასეთი ნავები, ე. წ. მენექსილა (მონოქსილა) კონსტრუქციულად ერთ ხეში გამოთლილი ნავებისაგან განსხვავდებოდა, რომლებიც ანტიკური ხანის ბერძენ და რომაელ ავტორებთან დაცული ცნობებით, კოლხებში საყოველთაოდ იყო გავრცელებული და, ბუნებრივია, იმ მოსახლეობაშიც, რომელიც დღევანდელი აჭარის ჭოროხისპირა და, საერთოდ, ზღვისპირა ზოლში ცხოვრობდა.

XVII საუკუნის ცნობილი თურქი ისტორიკოსის − ევლია ჩელების ცნობით, ადგილობრივები სამი მსხვილი ალვის ხისაგან გაკეთებულ ნავებსაც იყენებდნენ, რომლითაც მას გონიოდან სამეგრელოსაკენ უმგზავრია. როგორც ჩანს, გვერდებმოჭედილ ნავებსაც ძველებური, თავდაპირველად ერთ ხეში გამოთლილი ნავის ბერძნული სახელწოდების მიბაძვით ლაზები მენექსილას ეძახდნენ, რაც ბერძნული „მონოქსილას” სახენაცვალი ფორმა იყო. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ საკვლევ რეგიონშიც მდინარე ჭოროხზე და შავ ზღვაზე სანაოსნოდ ადრე მასიური ხისაგან დამზადებულ ნავებს იყენებდნენ. მკვლევრები სათანადო მონაცემების საფუძველზე ასკვნიან, რომ ერთ ხეში გამოთლილი ნავები მსოფლიოს ყველა ზღვაოსან ხალხში იყო გავრცელებული, მათ შორის, ქართველებშიც, ოღონდ განსხვავება შეინიშნებოდა ნავის კონსტრუქციაში, მერქნის სახეობაში, მოხმარების ფუნქციებში და, ბუნებრივია, ზღვაოსნობასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიაში.


ლიტერატურა

  • მურიე, 1952:25, 95;
  • კახიძე, 1990:66; 2009:411-415;
  • ჩიქოვანი, ნიკოლაიშვილი, 1958:27, 74;
  • ბერაძე, 1981:25, 85; 1990:66.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები