მეორე ფრონტი მეორე მსოფლიო ომში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეორე ფრონტი მეორე მსოფლიო ომში – მეორე ფრონტის გაასხა ევროპაში ერთ-ერთი მწვავე საკითხი იყო ანტიჰიტლერული კოალიციის მთავარი მონაწილე ქვეყნების – სსრკ-ის და აშშ-ის ურთიერთობაში, მას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა როგორც ამ ქვეყნების მეთაურთა მიმოწერაში, ისე მათ შორის ორმხრივ თუ სამმხრივ შეხვედრათა დღის წესრიგში.

18 VII.1941 სტალინმა ჩერჩილისადმი გაგზავნილ პირად მიმართვაში დააყენა საკითხი ჩრდილოეთ საფრანგეთში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ, რაც, მისი აზრით, გააადვილებდა ჰიტლერული გერმანიის განადგურებას. მეორე ფრონტის ევროპაში გახსნის ნაცვლად, ე. ჩერჩილმა და ფ. დ. რუზველტმა ვაშინგტონის კონფერენციაზე (22.XII.1941-14.1.1942) გადაწყვიტეს, განეხორციელებინა ამერიკული და ინგლისური ჯარების შეჭრა საფრანგეთის ჩრდილოეთ აფრიკაში (ოპერაცია „ტორჩი“).

დასავლეთის მიმართულებით მეორე ფრონტის არარსებობის პირობებში გერმანელთა სარდლობამ 1942 წლის ზაფხულისათვის თავი მოუყარა 217 დივიზიას სსრკ-გერმანიის ფრონტზე, რამაც არსებითად გაართულა სამხედრო ვითარება სსრ კავშირისათვის. ასეთ პირობებში 1942 წლის გაზაფხულზე რუზველტმა აუცილებლად მიიჩნია საბჭოთა კავშირისათვის მიეცა ზოგიერთი დაპირება, რომელიც მეორე ფრონტის გახსნას უკავშირდებოდა. საბჭოთა-ამერიკულ კომუნიკეში, რომელიც 1942 წლის ივნისში სსრკ-ის საგარეო საქმეთა სახკომის ე. მ. მოლოტოვის ვაშინგტონში ვიზიტის შედეგებს ასახავდა, ხაზგასმული იყო, რომ მხარეებმა მიაღწიეს „სრულ შეთანხმებას 1942 ევროპაში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით”. დიდი ბრიტანეთისის მთავრობა იძულებული გახდა, დათანხმებულიყო ანალოგიური კომუნიკეს ხელმოწერაზე, თუმცა შემდეგ ჩერჩილი შეეცადა, დაერწმუნებინა რუზველტი, უარი ეთქვა მეორე ფრონტის 1942 გახსნის იდეაზე და შეეცვალა იგი ჩრდილოეთ აფრიკაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის იდეით. 1942 წლის აგვისტოში ჩერჩილი მოსკოვში ჩავიდა, რათა საბჭოთა მთავრობისათვის განემარტა, რატომ არ სრულდებოდა ადრე ნაკისრი ვალდებულებები, აშშ-ს ამ მოლაპარაკებებზე წარმოადგენდა ე. ა. ჰარიმანი. 14. VIII საბჭოთა მთავრობისათვის გაცემულ სამახსოვრო ბარათში, ჩერჩილი ატყობინებს მას, რომ ინგლისისა და აშშ-სათვის შეუძლებელი იყო მეორე ფრონტის გახსნა ევროპაში 1942 და ისინი აპირებდნენ 1942 წლის ოქტომბერში ოპერაცია „ტორჩის” ჩატარებას, მიუხედავად ამისა, ჩერჩილმა მაინც განაცხადა, რომ ევროპის კონტინენტზე შეჭრა მოხდებოდა 1943 წლის გაზაფხულზე. კასაბლანკის კონფერენციაზე 1943 აშშ-სა და ბრიტანეთს არ მიუღიათ გადაწყვეტილება ევროპაში მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე. მათ მოიწონეს სიცილიაში და აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთში შეტევის განხორციელების იდეა (ოპერაციები „ჰასკი“ და „ავალანში“). ჩერჩილი ცდილობდა, მიეღწია ე.წ. „ბალკანური ვარიანტის“ მიღებისათვის, რომლის თანახმად ინგლის-ამერიკის ჯარები საბჭოთა ჯარებზე ადრე უნდა შესულიყვნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და გზა გადაეჭრათ საბჭოთა ჯარებისათვის ცენტრალურ ევროპაში. 1943 წლის მაისში ვაშინგტონში რუზველტი და ჩერჩილი კვლავ შეთანხმდნენ, გადაედოთ მეორე ფრონტის გახსნა ევროპაში 1944 წლის მაისისათვის. ინგლის-ამერიკის კონფერენციამ კვებეკში 1943 წლის აგვისტოში დაადასტურა ჩრდილოეთ საფრანგეთში ჯარების გადასხმის (ოპერაცია „ოვერლორდი“) თარიღი – I.V.1944. კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ საკითხზე მიღებულ იქნა სამი სახელმწიფოს მეთაურთა თეირანის კონფერენციაზე I943. კონფერენციამ „ცნობად მიიღო, რომ ოპერაცია „ოვერლორდი“ განხორციელდებოდა 1944 წლის მაისის განმავლობაში სამხრეთ საფრანგეთის წინააღმდეგ ოპერაციასთან ერთად“. ინგლის-ამერიკული ჯარების გადასხმა ნორმანდიაში დაიწყო 6.VI.I944.

ლიტერატურა

პაპასქირი თ. სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი ჰიტლერის წინააღმდეგ. 1941-I945, თბ. 1996.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები