მერქნის გამოხარშვა ზეთში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მერქნის გამოხარშვა ზეთში – მაგარი ჯიშის მერქნის მსხვილი ნაჭრების ზეთში (ოლიფაში) გამოხარშვის პროცესი, რომელიც არა მარტო გამორიცხავს ბზარების გაჩენას, არამედ აძლიერებს მერქნის ზედაპირის დეკორატიულ გამომსახველობას. ვაშლის, მსხლის, ბზისა და მუხის ნამზადს ხარშავენ ნატურალურ ოლიფაში ან სელის, ბამბისა და ზეითუნის ზეთში. ხარშვის პროცესში ზეთი მერქნიდან გამოდევნის ტენს და თვითონ ავსებს უჯრედებსშორის სივრცეს, შემდეგ კი, გამოხარშულ მერქანს აშრობენ ოთახის ტემპერატურაზე. ასეთი მერქანი გამოირჩევა სიმტკიცით, ტენმედეგობით, კარგად იხეხება, პრიალდება და ძირითადად გამოიყენება მაღალი ხარისხის ნაკეთობების დასამზადებლად.