მერხი (სკამი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერხი

მერხი - სამამაკაცო საჯდომი გრძელი სკამი საქართველოს მთიანეთში. გვხვდება მკლავიანი, უზურგო, ზურგიან გვერდებიანი. ჰქონდა ძლიერი მუხის დირეები, რომლებიც ფეხის ბუდეებში მაგრდებოდა. მათი ოთხივე ფეხის მრგვალ თავებზე მზის სიმბოლო - ბორჯღალა იყო ამოკვეთილი.

სოციალური თვალსაზრისით, მერხი მამაკაცების დასაჯდომს წარმოადგენდა. იდგა კერის მარჯვენა - საკაცო მხარეს საუფროსო სავარძლის შემდეგ. კერის მარცხენა მხარე საქალოდ იყო წოდებული.

ქალებს საკაცო სკამზე დაჯდომა ეკრძალებოდა. ისინი ისხდნენ დაბალ სამფეხა „კერის სკამებზე“, ბალიშებზე - „ქუნთებზე“ (ხევი) ან დაბალფეხიან გრძელ უზურგო სკამებზე. კერასთან საკაცო და საქალო ადგილების გამოყოფა მკაცრად იყო დაცული ჭამის დროსაც კი. მამაკაცები შემოუსხდებოდნენ მათ წინ დადგმულ ტაბლებს, დედაკაცები თავიანთ დაბალ მაგიდასთან შეექცეოდნენ საჭმელს.

მერხი

ზურგიან-გვერდებიან სკამებიდან ყურადღებას იქცევს სვანური „ლერგიმ“-საკაცო სკამი, რომელიც ამ ტიპის სასხდომების განვითარებული სახეობაა. მასზე ამოკვეთილ ორნამენტებს შორის კომპოზიციური ადგილი ბორჯღალას უჭირავს. როგორც აპოთროპეულ ნიშანს, მას ვხვდებით ავეჯის ყველა სახეობაზე.

დიდი იყო ლერგიმის როლი რიტუალებშიც. ბოლო დრომდე „მესარობის“ (ხორციელის შაბათი) დღესასწაულზე სრულდებოდა შესაწირავი ზვარაკის (ღორის) დაკვლა მაჩუბში - საცხოვრებელში მდგარ მერხზე. სისხლი მერხქვეშ შედგმულ ბაკანში (ჯამში) გროვდებოდა. სისხლის დანახვა უცხოთათვის იკრძალებოდა. მსგავს მინიშნებასთან გვაქვს ადგილი ხევსურეთშიც, მართალია, აქ საკლავს სკამზე არ კლავდნენ, მაგრამ მერხისთვის სისხლის პკურება სავალდებულო იყო.


ლიტერატურა

  • ვ. ბარდაველიძე, ქართველი ხალხის რელიგიური აზროვნების ისტორიიდან, მიმომხილველი I, 1949.
  • ი. სურგულაძე ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა, 1986. ლ. ბედუკიძე, ხალხური ავეჯი აღმ. საქართველოს მთიანეთში, 1973.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები