მესა
მესა – ფრანგ. messe<გვიანდ. ლათ. missa), სასულიერო ტექსტზე დაწერილი მრავალნაწილიანი ნაწარმოები გუნდისათვის, ინსტრუმენტის თანხლებით ან მის გარეშე, ზოგჯერ სოლისტი მომღერლების მონაწილეობით. მესა დაწერილია ლათინურ ენაზე, სრულდება კათოლიკურ წირვაზე. იგი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: „კირიე“ („უფალო შეგვიწყალე“), „გლორია“ („დიდება“), „კრედო“ („მრწამს“), „სანკტუს“ („წმიდა არს“), „ბენედიქტუს“ („კურთხეულ არს“), „აგნუს დეი“ („ღვთის კრავი“). თავდაპირველად მესის საგალობლები ერთხმიანი იყო, მათ საფუძველს გრიგოლისეული ქორალი წარმოადგენდა. მრავალხმიანობის განვითარებასთან ერთად ზოგიერთმა კომპოზიტორმა პოლიფონიურად დაამუშავა მესის საგალობლები. აღორძინების ეპოქაში მესა მუსიკალური ხელოვნების ყველაზე მონუმენტური ჟანრი იყო. ჩვენამდე მოღწეული პირველი მესის ავტორია გ. დე მაშო (1364). მესის კლასიკური ნიმუშები შექმნეს ბახმა, მოცარტმა, ბეთჰოვენმა, შუბერტმა, ლისტმა, ბრუკნერმა და სხვ..