მესხი სერგეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერგეი მესხი

მესხი სერგეი – (1845-1883), ჟურნალისტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. ეროვნული თავისუფლებისათვის მებრძოლი, ქართული ლიტერატურის რეალისტური სკოლის წარმომადგენელი, „ახალი ახალგაზრდობის“ ჯგუფის ერთ-ერთი ჩამომყალიბებელი.

სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში (1856-63), შემდეგ — პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. აქ გაცნობილმა რევოლუციურ-დემოკრატიულმა მოძღვრებამ დიდი გავლენა იქონია მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. 1869-83 წწ. რედაქტორობდა გაზეთ „დროებას“, წერდა სტატიებს, მოწინავეებს, ასრულებდა კორექტორის, ხშირად ასოთამწყობის მოვალეობასაც. 1873 წ. საზღვარგარეთ გაემგზავრა, გაეცნო დასავლეთ ევროპის ცხოვრებას და ლიტერატურას. სისტემატურად აწვდიდა კორესპონდენციებს თავის გაზეთს. იქვე შექმნა უცხოეთის გამოჩენილ ადამიანთა (ვაშინგტონის, ლივინგსტონის, გარიბალდის, ოუენის) ბიოგრაფიები. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ ჩაუდგა სათავეში „დროებას“, რომლის ირგვლივ შემოკრებილ მოღვაწეთა წრეში ბევრ ეროვნულ და კულტურულ წამოწყებას მიეცა დასაბამი.

დიდ სარედაქციო საქმიანობასთან ერთად ს. მესხი დაუღალავად იღვწოდა ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. თანმიმდევრულ განმანათლებლურ მოღვაწეობას იგი უკავშირებდა ცარიზმთან ბრძოლის კეთილშობილურ იდეას. სამოციანელთა მსგავსად, მას ეროვნული საკითხი მიაჩნდა უმთავრეს და უპირველეს საკითხად, რომლის გადაწყვეტაც უნდა გამხდარიყო წინაპირობა ყველა დანარჩენი, მათ შორის სოციალური საკითხის გადაწყვეტისა. ეროვნულ–კოლონიური ჩაგვრისგან განთავისუფლებისთვის ბრძოლა იყო ს. მესხის სამოქალაქო პროგრამის ძირითადი და უმთავრესი მიზანი. ქართველი ხალხის აღზრდისა და გათვითცნობიერების საქმეში ს. მესხი განსაკუთრებულ როლს აკუთვნებდა მხატვრულ ლიტერატურას. მის ლიტერატურულ შეხედულებებში, მის ნააზრევში დიდაქტიკურ-მორალისტური და ესთეტიკური თვალსაზრისი მჭიდროდ უკავშირდებოდა მისსავე სოციალურ-პოლიტიკურ შეხედულებებს. იგი ხელოვნებისა და ლიტერატურის რეალისტურ-უტილიტარული გაგების პოზიციაზე იდგა.

ს. მესხი სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს და რეცენზიებს თეატრის საჭირბოროტო საკითხებზე, მხარში ედგა იმ ჯგუფს, რომელიც ფართო მუშაობას ეწეოდა პროფესიული ქართული თეატრის დაარსებისთვის.

ს. მესხმა შემოკლებით თარგმნა ვ. ჰიუგოს „93 წელი“.

თხზულებანი

თხზულებანი სამ ტომად, 1962–64.

ლიტერატურა

  • ი. ბოცვაძე, სერგეი მესხი და 70-80-იანი წლების ქართული პრესა. 1968;
  • ნ. ალანია, სერგეი მესხი, წიგნში: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. IV, 1974;
  • გ. მეფისაშვილი, მესხების ოჯახი, 1961.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები