მეტეოროლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეტეოროლოგია – (ბერძ. meteōra ატმოსფერული მოვლენები და lógos სიტყვა, გამონათქვამი, თანაფარდობა) – მეცნიერება ატმოსფეროსა და მასში მიმდინარე პროცესების შესახებ.

მისი ძირითადი დარგია ატმოსფეროს ფიზიკა, რომელიც იკვლევს: იმ ფიზიკურ მოვლენებსა და პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს ატმოსფეროს ქვედა ფენებში (ჰაერის მიწისპირა ფენის ფიზიკა), თავისუფალ ატმოსფეროში, სადაც დედამიწის ზედაპირის გავლენა უმნიშვნელოა, ატმოსფეროს ზედა ფენებში, აგრეთვე მზის რადიაციას ატმოსფეროში; ოპტიკურ მოვლენებს, ატმოსფერულ ელექტრობასა და ატმოსფერულ აკუსტიკას. მეტეოროლოგიური კვლევა ძირითადად ემყარება მეტეოროლოგიურ სადგურებში მოპოვებულ დაკვირვების მასალას. ეს სადგურები გაერთიანებულია სახელმწიფო მეტეოროლოგიურ ქსელში.

მეტეოროლოგია ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების კანონზომიერებებს ხსნის, უპირველეს ყოვლისა, დაკვირვებათა მასალის სტატისტიკური ანალიზით. თანამედროვე მეტეოროლოგია ატმოსფეროს მდგომარეობას შეისწავლის დედამიწის ხელოვნური მეტეოროლოგიური თანამგზავრებისა და რადიოლოკატორების საშუალებით. უკანასკნელ წლებში სწრაფად განვითარდა თანამგზავრული მეტეოროლოგია და გამოყენებითი დისციპლინები – საავიაციო მეტეოროლოგია, აგრომეტეოროლოგია, სამშენებლო კლიმატოლოგია და სხვ.

მეტეოროლოგიის ძირითადი ამოცანაა ამინდის სხვადასხვავადიანი პროგნოზი. მეტად მნიშვნელოვანია ატმოსფერულ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების (სეტყვასთან ბრძოლა, ზემოქმედება ღრუბლიანობასა და ნალექებზე, მცენარეთა დაცვა წაყინვებისაგან) პრაქტიკული მნიშვნელობა. სამშენებლო კლიმატოლოგიის მონაცემთა საფუძველზე (თოვლისა და ქარის დატვირთვები, ქარის გაბატონებული მიმართულებები, რადიაცია და სხვ.), წარმოებს სამშენებლო კონსტრუქციებისა და შენობა-ნაგებობების გაანგარიშება.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები