მეჯინიბეთუხუცესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეჯინიბეთუხუცესი - მმართველობის ცენტრალური აპარტის მოხელე. სამეფო საჯინიბოს გამგე. მეჯინიბეთუხუცესი შედიოდა ამირსპასალარის უწყებაში და უშუალოდ ამირახორს ექვემდებარებოდა.

თავის მხრივ, მეჯინიბეთუხუცესის გამგებლობაში იყვნენ მეჯინიბეები, რომელთა მთავარი ფუნქცია იყო მეფის საჯინიბოს მოვლა-პატრონობა. მართალია, „გარიგება“ უშუალოდ მეჯინიბეთუხუცესის თანამდებობას არ ახსენებს, მაგრამ სხვა საისტორიო წყაროები კარგად იცნობენ მეჯინიბეთუხუცესის თანამდებობას. „ხელმწიფის კარის გარიგება“ ხაზგასმით გამოყოფს ზარადხანის მეჯინიბეებს. როგორც წყარო იუწყება, ზარადხანის მეჯინიბეს მართებდა მეფისათვის ცხენის შეკაზმვა. სავარაუდოდ, სამეფო საჯინიბოს გარდა, სადაც ცხენებს სამეფო კარის სხვადასხვა საჭიროებისათვის (მეფისა და მისი ოჯახის წევრების გადაადგილება, სანადიროდ მომზადება და სხვ.) ინახავდნენ, ცალკე ჰყავდათ საბრძოლო ოპერაციებისათვის განკუთვნილი ცხენები, რომლებზედაც ზარადხანის მეჯინიბეები ზრუნავდნენ. საფიქრებელია, რომ ეს უკანასკნელნი ზარადხანისუხუცესს ექვემდებარებოდნენ.

მეჯინიბეები სამეფო პურობასაც ესწრებოდნენ - სუფრაზე მათ ბოლო ადგილი ჰქონდათ განკუთვნილი. XVII-XVIII საუკუნეების საქართველოში მეჯინიბეთუხუცესს სამეფო საჯინობის გამგეც ეწოდება. მას ექვემდებარებოდნენ მეჯინიბეები (იგივე ზინდარები). ამ პერიოდში მეჯინიბეობა უკვე საბეგრო ვალდებულებად იყო ქცეული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მეჯინიბეების სახელოს მნიშვნელობა და პრესტიჟი დაქვეითებულა. „დასტურლამალი“ ხუთ მეჯინიბეთუხუცესს ასახელებს. მართალია, მეჯინიბეთუხუცესი საჯინიბოს ხელმძღვანელი იყო, მაგრამ იგი მკაცრ კონტროლს ექვემდებარებოდა: ეკრძალებოდა უნებართვოდ ცხენის გაცემა ან გაბარება, მოედნის ან სასახლის ტერიტორიის გარეთ ცხენების გახედნვა. მეჯინიბეთუხუცესს წლიურ სარგოდ ეკუთვნოდა ცხენის სრული აღჭურვილობა და ერთი ცხენის გამოსაკვები ქერი, გარკვეული წილი ეკუთვნოდა სამეფო საჯინიბოს საჩუქრებიდანაც.

მეჯინიბეთუხუცესები. XII-XVII სს.

  • ქავთარ ორბელი
  • რამაზ - მ. XVII ს. II ნახ.
  • ლუარსაბ მაყაშვილი - მეჯინიბეთუხუცესი უზუქანთის მოურავი 1610-იანი წწ. (კახეთი).
  • პაატა ბარათაშვილი - მეჯინიბეთუხუცესი 1653-1689 წწ.
  • ავთანდილ თარხნიშვილი - მეჯინიბეთუხუცესი და კავთისხევის მოურავი 1643-1660-იანი წწ-ის დასაწყისი.
  • შიოშ ბარათაშვილი - მეჯინიბეთუხუცესი 1663-1685 წწ.
  • ბეჟან - მეჯინიბეთუხუცესი 1655 წ.
  • იარალი ბარათაშვილი - მეჯინიბეთუხუცესი 1656 წ.
  • პაპუა რატიშვილი - მეჯინიბეთუხუცესი 1659-1670 წწ.
  • ლევან ავალიშვილი - მეჯინიბეთუხუცესი 1685-1694 წწ.
  • რევაზ ორბელიშვილი - მეჯინიბეთუხუცესი 1693-1699 წწ. ეშიკაღასი 1698-1700 წწ.
  • შერმადინ ბარათაშვილი - მეჯინიბეთუხუცესი 1689-1696 წწ. მდივანი 1696-1700 წწ.
  • პაატა გერმანოზისშვილი - მეჯინიბეთუხუცესი 1689 წ.
  • გუგუნა ბარათაშვილი - მეჯინიბეთუხუცესი 1692-1698 წწ.
  • როსებ იარალიშვილი - მეჯინიბეთუხუცესი 1699 წ.
  • ზურაბ რატისშვილი - მეჯინიბეთუხუცესი 1722 წ.
  • დემეტრე - მეჯინიბეთუხუცესი 1723 წ.
  • როსებ იარალიშვილი - მეჯინიბეთუხუცესი 1736 წ.


წყაროები და ლიტერატურა

  • ხელმწიფის კარის გარიგება 1965: 87, 94;
  • დასტურლამალი 1970: 679-682;
  • სურგულაძე 1952: 222;
  • სინ 1979: 643.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები