ჯაყელი მზეჭაბუკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მზეჭაბუკ ჯაყელი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მზეჭაბუკ ჯაყელი − სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი 1400-15, ყვარყვარე II-ის ძე. აგრძელებდა მამის მიერ დაწყებულ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რაც ირან-ოსმალეთს შორის ლავირებას და მათ შორის არსებული წინააღმდეგობების თავის სასარგებლოდ გამოყენებას გულისხმობდა. ყველანაირად ცდილობდა საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროების დასუსტებას, რათა მათ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობა ვერ მოეხერხებინათ; სცადა მესხეთის ეკლესიის მცხეთის საკათალიკოსოსგან ჩამოშორება, მაგრამ ამ უკანასკნელთან ბრძოლაში, საბოლოოდ, მაინც დამარცხდა; ოსმალთა დახმარებით, XVI ს-ის დასაწყისში გურიელს აჭარა და ჭანეთი წაართვა: სიამოვნებით, ეხმარებოდა მათ სხვა სამეფო-სამთავროების წინააღმდეგ ბრძოლაში – სწორედ მისი შემწეობით ააოხრეს ოსმალებმა 1510 პირველად იმერეთის სამეფო. 1514 ირანსა და ოსმალეთს შორის ომი დაიწყო.20 აპრილს სულთანმა სელიმ I-მა სტამბოლი დატოვა და ყიზილბაშთა წინააღმდეგ სალაშქროდ გაემართა. მან მზეჭაბუკს ოსმალთა ჯარის სურსათ-სანოვაგით მომარაგება უბრძანა, მთავრის მიერ გამოგზავნილმა ელჩმა 1514 წლის 10 აგვისტოს ოსმალთა სამხედრო ბანაკში სურსათ-სანოვაგე ჩაიტანა. სულთანი მეტად ნასიამოვნები დარჩა ამ სამსახურით. მას თავისი ელჩის პირით მზეჭაბუკს მადლობა შეუთვალა და საპატიო ხალათიც უბოძა, 1514 წლის 23 აგვისტოს ჩალდირანის ველზე ოსმალებთან განცდილი მარცხის შემდეგ ირანის შაჰმა ისმაილ I-მა იმავე წელს ანტიოსმალური კოალიციის შექმნა სცადა. მან ელჩები გაუგზავნა ეგვიპტის სულთანს, მარიშისა და ალბისტანის გამგებელ ალა-ად-დოელესა და მზეჭაბუკს. გაფორმდა სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომლითაც აღნიშნულმა ქვეყნებმა ოსმალეთის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის პირობა დადეს. მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო ეს წამოწყება წარუმატებლად დამთავრდა. 1515 ჯაყელი ჩამოშორდა პოლიტიკურ ასპარეზს და ბერად აღიკვეცა იაკობის სახელით.

წყაროები და ლიტერატურა

  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამ. ტ. 4, თბ., 1973;
  • XV ს-ის იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ, ე. მამისთვალაშვილის გამოც., თბ., 1981;
  • სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVI სს), ქრ. შარაშიძის გამოც., თბ. 1961;
  • სვანიძე მ. საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან (XVI-XVII სს), თ.ბ. 1971.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები