მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული)
მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) – მთავარეპისკოპოსი ზენონი, ერისკაცობაში იმედა შოთას ძე იარაჯული, დაიბადა 1972 წლის 17 მარტს ქ. თბილისში.
1979-1989 წლებში სწავლობდა თბილისის საშუალო სკოლაში, 1989-1992 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.
1993 წლის 14 აგვისტოს იმედა იარაჯული ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა დანიელმა აღკვეცა ბერად და სახელად უწოდა ზენონი.
1993 წლის 19 აგვისტოს ბერი ზენონი სამთავროს დედათა მონასტრის ფერისცვალების ეკლესიაში აკურთხეს იეროდიაკვნად, ხოლო 25 ოქტომბერს მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში – მოძღვრად.
1994 წლის 25 თებერვლიდან უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მღვდელ-მონაზონი ზენონი ხელმძღვანელობდა სიღნაღის სასულიერო სასწავლებელს.
1994 წლის 10 ნოემბერს მას მიენიჭა იღუმენის წოდება, ხოლო 1995 წლის 2 აგვისტოს დაჯილდოვდა გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით.
1995 წლის 1 ნოემბრიდან იღუმენი ზენონი მსახურობდა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში რექტორის მოადგილედ (სასწავლებლის პანსიონის ზედამხედველად და სულიერ მოძღვრად) და ზნეობრივი ღვთისმეტყველების პედაგოგად.
1996-1997 წლებში იღუმენი ზენონი სწავლობდა რომის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.
1998 წლის 14 მარტს იღუმენი ზენონი დაინიშნა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მდივნად, ხოლო მოგვიანებით საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ. ამავდროულად, იგი მსახურობდა გაერთიანებული სამხედრო აკადემიის მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვრად, შემდეგ ლურჯი მონასტრის, ხოლო 2000 წლის 14 მარტიდან – მთაწმინდის მამადავითის ეკლესიის წინამძღვრად.
2001 წლის 16 ივნისს, იღუმენ ზენონს ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ.
2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე გადაწყდა დმანისის ძველი ეპარქიის აღდგენა. ეპარქიის მღვდელმთავრად სინოდმა არქიმანდრიტი ზენონი გამოარჩია. 2003 წლის 30 აგვისტოს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმიდა სინოდის წევრ მღვდელმთავართა თანამსახურებით არქიმანდრიტი ზენონი ეპისკოპოსად აკურთხა.
მეუფე ზენონმა დმანისისა და ლორე-ტაშირის ისტორიულ ეპარქიას მიუძღვნა ფუნდამენტური გამოკვლევა „სამხრეთის კარიბჭე“ (თბილისი, 2005 წ).
2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი ზენონი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.
2011 წლის 6 თებერვალს აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.
წყარო
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)