მთის არწივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მთის არწივი

მთის არწივი – (ლათ. Aquila chrysaetus Linnaeus, 1758) – ფრინველი ქორისებრთა ოჯახიდან. ყველაზე დიდია არწივებს შორის. ფრთა 600-685 მმ-ია, კუდი — 330-360 მმ, წონა − 3,5-4,5 კგ. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული (4 და მეტი წლის) ფრინველის საერთო შეფერილობა მუქი მურაა. მუცლის მხარის, წვივისა და კუდქვეშა ბუმბულებზე მოქარცისფრო-ოქროსფერის მეტ-ნაკლები ნარევია. კეფისა და კისრის უკანა ნაწილის წამახვილებული ბუმბულები მოქარცისფროა. მომქნევები მურა-შავია, მორუხო ზოლებით. საჭის ბუმბულები მორუხო-კვამლისფერია, მუქი ლაქებითა და წვეროებში შავი ზოლებით. გალო თითებამდეა შემოსილი. ცვილანა და თათი ყვითელია, ბრჭყალები შავი, ნისკარტი − მოლურჯო-რქისფერი. ერთწლიანს კუდი თეთრი აქვს, რომლის ბოლოში ფართო შავი ზოლია.

აღწერილია 6 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება სამხრეთ ევროპული მთის არწივი − A. ch. fulva Linn., 1758, რომელიც შედარებით უფრო ღია შეფერილობისაა, კეფისა და კისრის უკანა ნაწილის ბუმბულები მკრთალი მურაა და არა მუქი ქარცი. ზრდასრულ ფრინველს მკერდზე ლაქა აქვს, ხოლო კუდქვეშა და გალოს ბუმბულები მკრთალი მურაა.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის არეალი ფართოა, მაგრამ ხშირად გავრცელება სპორადულია. ევროპაში მოიპოვება შოტლანდიაში, სამხრეთ საფრანგეთში, პირენეის ნახევარკუნძულზე, ალპებში, აპენინებში, ბალკანეთში, კარპატებში, სკანდინავიაში, ფინეთში და სსრკ ჩრდილოეთში ტყის საზღვრამდე, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე (კორსიკა, სარდინია); ჩრდილოეთ აფრიკაში (ეგვიპტე, ტუნისი, ალჟირი, მაროკო), სინას ნახევარკუნძულზე, მცირე აზიაში, სირიაში, ირანში, შუა და ცენტრალურ აზიაში — დასავლეთ ჩინეთამდე და ჰიმალაიმდე; ციმბირის მთელ ტყის სარტყელში კამჩატკის ჩათვლით, იაპონიაში; ჩრდილოეთ ამერიკაში — სამხრეთით მექსიკამდე. ჩრდილოეთ ამერიკის ტყის ზონასა და მთიანეთში. არეალის უმეტეს ნაწილში, მათ შორის საქართველოშიც მობინადრეა. სამცხე-ჯავახეთში გავრცელებულია სპორადულად – მდინარე მტკვრის ხეობაში.

ბიოტოპი

არეალის სამხრეთ ნაწილში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ბინადრობს მთებში, კლდეებსა და მაღალ ხეებზე. აღმოსავლეთ ევროპასა და ციმბირში მოიპოვება დაბლობებში, მაღალტანიან ტყეებში და მთებშიაც.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია, სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 4-5 წლის ასაკში. საქორწინო ფრენას იწყებს თებერვალში, ქმნის მუდმივ წყვილებს, მამალი და დედალი ერთად არიან მთელი წლის განმავლობაში. ბუდეს იკეთებს კლდეებზე, უდაბნოებში − ნანგრევებზე, საქსაულის ხეებზე. აქვს 2-4 ბუდე, რომლებსაც რიგრიგობით ხმარობს მრავალი წლის მანძილზე. ბუდე წარმოადგენს ტოტების ნაყარს, რომელიც თხლად ამოფენილია მშრალი ბალახით; ყოველწლიური შეკეთების მიზეზით ხშირად ბუდე გიგანტური ზომისაა; აღწევს 2 მ-მდე როგორც სიგანეში, ისე სიმაღლეში. ბუდეში ხმელი ბალახის მცირე ამონაფენია. მარტში დებს 1-2 კვერცხს მარტსა და აპრილში. კრუხად ჯდება დედალი, მამალს მოაქვს საკვები დედლისათვის და მართვეებისათვის. თუ პირველი ბუდობის მართვეები იღუპებიან, მეორედ იბუდებს. მართვეები შებუმბვლას იწყებენ მაისში და ამთავრებენ ივნისის დამლევისათვის. ბუდეს ტოვებენ 80-მდე დღის ასაკში. საინკუბაციო პერიოდი 45 დღემდე გრძელდება.

კვება

მთის არწივის ძირითად საკვებს შეადგენს კურდღელი, ჯიხვისა და არჩვის ციკნები, შურთხი, როჭო, კაკაბი. ზოგჯერ ჭამს კუს, ზღარბს, არ თაკილობს მძორსაც.

მნიშვნელობა

სასარგებლო ფაუნისათვის ზოგჯერ ზიანი მოაქვს, მაგრამ იჭერს უპირატესად ავადმყოფსა და სუსტ ეგზემპლარებს, ე. ი. ასრულებს სანიტრის როლს (მონაწილეობს ბუნებრივ გადარჩევაში). ამასთან მთის არწივის რიცხობრიობა მცირეა. მთის არწივი იშვიათი ფრინველია, რომლის რიცხოვნობა საგრძნობლად კლებულობს. საქართველოს წითელ წიგნში შესულია როგორც გადაშენების პირას მისული სახეობა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები